თეგი: ვენესუელა

ირანმა და ვენესუელამ 20-წლიანი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

Reuters-ის ცნობით, ირანმა და ვენესუელამ 20-წლიანი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. გამოცემის ცნობით, გეგმა ნავთობის, ნავთობქიმიკატების, თავდაცვის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას მოიცავს. გეგმა აგრეთვე ვენესუელას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შეკეთებას და საჭირო ტექნიკურ-საინჟინრო მომსახურების ექსპორტს ითვალისწინებს. „ვენესუელამ აჩვენა სამაგალითო წინააღმდეგობა სანქციების, მტრებისა და იმპერიალისტების მუქარის წინააღმდეგ. 20-წლიანი თანამშრომლობის დოკუმენტი მოწმობს ორი ქვეყნის ნებაზე, განავითარონ კავშირები“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ.  

ვენესუელაში, მეწყერის შედეგად, 36 ადამიანი დაიღუპა

ვენესუელას ქალაქ ლას ტეხერიასში, მეწყერს 36 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, 56  ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სტიქიის გამო, პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. „ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ ყველა, რამდენიც შეგვიძლია და ვუსამძიმრებთ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა. დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.   

მედიის ცნობით, აშშ-მ და ვენესუელამ კატარში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს

ესპანური „ელპაისის“ ცნობით, აშშ-მ და ვენესუელამ კატარში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს. კერძოდ, სამი კვირის წინ კატარში ერთმანეთს შეხვდნენ ვენესუელის პარლამენტის სპიკერი ხორხე როდრიგესი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ხუან გონსალესი. მედიის თანახმად, კომუნიკაციის პირდაპირი არხის დასამყარებლად მოლაპარაკებები მედიატორებისა და მესამე მხარის გარეშე ჩატარდა. შეხვედრაზე ისაუბრეს პატიმრების გათავისუფლებასა და ვენესუელაში პოლიტიკური ცხოვრების ნორმალიზების აუცილებლობაზე. კარაკასი ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მოკავშირე კოლუმბიელი ბიზნესმენის, ალექს სააბის გათავისუფლებას ითხოვს. მას აშშ-ში ფულის გათეთრებისა და კორუფციის ბრალდებით ასამართლებენ, ვენესუელის მთავრობა კი, სააბის დიპლომატად მიიჩნევს. კარაკასმა ბაიდენი საზღვარგარეთ გაყინული ვენესუელის თანხების ბლოკირებაშიც დადანაშაულა. გარდა ამისა, იმ ფონზე, რომ მადურო სანქციების სრულ მოხსნას ითხოვს, ვაშინგტონმა ნავთობკომპანია „შევრონს“ ვენესუელაში ოპერირების ლიცენზია მიანიჭა.  

WP: აშშ ვენესეულის ნავთობზე სანქციებს შეამსუბუქებს, სანაცვლოდ, ვენესუელა არჩევნებს საერთაშორისო ზედამხედველობით ჩაატარებს

The Washington Post-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენისა და ვენესულის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ადმინისტრაციები შეთანხმდნენ, რომ აშშ ვენესეულის ნავთობზე სანქციებს შეამსუბუქებს და ვენესუელა მომავალ წელს არჩევნებს საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ჩაატარებს. ამერიკული გამოცემა ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დარყდნობით წერს. შეთანხმების ფარგლებში აშშ ვენესუელას დროით ლიმიტს დაუწესებს. შეთანხმება არ მოიცავს ვენესუელის გაყინული აქტივების გათავისუფლების საკითხს. შეთანხმების პირობების გათვალისწინებით, მადურო ვალდებული იქნება, რომ მომავალ წელს არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები დაუშვას და მედიის ხელმისაწვდომობა არ შეზღუდოს. ევროპამ და აშშ-მ ვენესუელიდან ნავთობის იმპორტი შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ ვაშინგტონმა ვენესუელას სანქციები დაუწესა.  REUTERS-ი გასული წლის ივნისში წერდა, რომ აშშ ორ ნავთობკომპანიას ვენესუელური ნავთობის ევროპაში იმპორტის ნებას რთავს, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ ვენესუელის ნედლი ნავთობი ევროპას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარებოდა. გასული წლის მაისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მე-6 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებდა.  

ვენესუელის რეფერენდუმზე უმრავლესობამ მეზობელი გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონის მიერთებას მხარი დაუჭირა

ვენესუელაში გამართულ რეფერენდუმზე მოსახლეობამ გაიანას რეგიონის, ესეკიბოს მიერთებას მხარი დაუჭირა. რეფერენდუმზე ხმა დაახლოებით, 10,5 მილიონმა ვენესუელელმა მისცა, რომელთაგან 95%-მა ვენესუელის შემადგენლობაში ახალი შტატის, ესეკიბოს შექმნას დაუჭირა მხარი. გაიანას პრეზიდენტი, ირფაან ალი მოსახლეობას სახელმწიფოს სუვერენიტეტის მხარდამჭერ აქციაზე შეუერთდა. მან განაცხადა, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ვენესუელას გაიანას ტერიტორიის ნაწილის ანექსიას უკრძალავს. რეფერენდუმი გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ ჩატარდა. 1899 წელს პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ გაიანა-ესეკიბოს ტერიტორია გაიანის ნაწილად აღიარა. მაშინ ეს დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ვითარება მას შემდეგ გაუარესდა, რაც 2015 წელს სადავო ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის მდიდარი საბადოები აღმოაჩინეს.  

ვენესუელის პრეზიდენტმა გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა. ვენესუელაში 3 დეკემბერს გამართულ რეფერენდუმზე მადურომ გამარჯვება გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც ამომრჩეველთა 95%-მა ესეკიბოს რეგიონის მიერთებას დაუჭირა მხარი. „ესეკიბოს მთელ ტერიტორიაზე ნავთობის, გაზისა და მაღაროების მოძიებისა და ექსპლუატაციის საოპერაციო ლიცენზიების დაუყოვნებლივ გაცემას გავაგრძელებ,“ - განაცხადა მადურომ. მადურომ ესეკიბოს რეგიონში მოქმედ კომპანიებს, მუშაობის შეჩერებისთვის სამი თვე მისცა. ვენესუელის რეფერენდუმზე უმრავლესობამ მეზობელი გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონის მიერთებას მხარი დაუჭირა  

მადურომ მეზობელი გაიანის რეგიონი ვენესუელის ახალ შტატად გამოაცხადა

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მეზობელი გაიანის ნავთობით და გაზით მდიდარი რეგიონი ესეკიბო ქვეყნის 24-ე შტატად გამოაცხადა. ამასთან, მან გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა. მადურომ ესეკიბოს რეგიონში მოქმედ კომპანიებს, მუშაობის შეჩერებისთვის სამი თვე მისცა. ვენესუელის რეფერენდუმზე უმრავლესობამ მეზობელი გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონის მიერთებას მხარი დაუჭირა. ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის, გაიანის ხელისუფლებამ რეფერენდუმს ანექსიის მცდელობა უწოდა. თუ ვენესუელა შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს, გაიანი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს. ესეკიბოს გაიანის სახმელეთო ტერიტორიის ორი მესამედი უჭირავს. იქ 125 ათასი ადამიანი ცხოვრობს. გაიანის მოსახლეობა სულ 800 ათასია. ვენესუელის პრეზიდენტმა გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა ვენესუელა დიდი ხანია, ესეკიბოზე პრეტენზიას აცხადებს. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც 2015 წელს კომპანია ExxonMobil-მა რეგიონში ნავთობით მდიდარი საბადოები აღმოაჩინა. გაიანამ და ვენესუელამ 1966 წელს ჟენევაში მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც, გაიანა გახდა ტერიტორიული დავების გადაწყვეტის საკითხში ბრიტანეთის სამართალმემკვიდრე. მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა გაიანა ჯერ კიდევ ბრიტანეთის კოლონია იყო, პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ ესეკიბო გაიანის ნაწილად აღიარა. გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვენესუელამ არ უნდა მიმართოს ქმედებებს, რომლებიც სადავოს გახდის ამ რეგიონზე გაიანის კონტროლს, თუმცა კონკრეტულად რეფერენდუმის ჩატარება არ აუკრძალავს. ვენესუელა იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებიც საქართველოს ორი ნაწილის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებენ.  

ბრაზილია ვენესუელის საზღვართან ჯარებს აგზავნის

ბრაზილიის ხელისუფლებამ ვენესუელას საზღვართან ახლოს ჯარების განლაგება გადაწყვიტა. ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას თქმით, ქვეყნის არმია სრულ სამხედრო მზადყოფნაშია და რეგიონში მშვიდობას დაიცავენ. ესკიბოს რეგიონი, სადაც ნავთობის დიდი მარაგებია, ვენესუელასა და გაიანას შორის დავის საგანს მე-19 საუკუნიდან წარმოადგენს. მანამდე ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ მეზობელი გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა. ვენესუელაში 3 დეკემბერს გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 95%-მა ესეკიბოს რეგიონის მიერთებას დაუჭირა მხარი. მადურომ მეზობელი გაიანის რეგიონი ვენესუელის ახალ შტატად გამოაცხადა  

აშშ-მ ამერიკელი პატიმრების სანაცვლოდ, ვენესუელის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენი გაათავისუფლა - Reuters

Reuters-ის ცნობით, აშშ-მ ამერიკელი პატიმრების სანაცვლოდ, ვენესუელის პრეზიდენტთან დაახლოებული პირი გაათავისუფლა. კერძოდ, ვენესუელის მთავრობამ 20 ოპოზიციონერი და 10 ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნიკოლას მადუროსთან დაახლოებული პირი, ბიზნესმენი ალექს სააბი შეიწყალა. ალექს სააბს კარაკასის აეროპორტში პრეზიდენტ მადუროს მეუღლე, ხოლო პრეზიდენტის სასახლეში თავად მადურო დახვდა. მან პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ არ მიატოვა. ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ პატიმრების გაცვლა აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების ახალი ეპოქისკენ გადადგმული ნაბიჯია. სააბს, რომელიც მაიამის ფედერალურ ციხეში 2021 წლიდან იყო დაკავებული, ამერიკელი პროკურორები 350 მილიონი დოლარის მითვისებასა და ვენესუელელი ოფიციალური პირების მოსყიდვაში ადანაშაულებდნენ.