მედიის ცნობით, აშშ-მ და ვენესუელამ კატარში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს

ესპანური „ელპაისის“ ცნობით, აშშ-მ და ვენესუელამ კატარში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს. კერძოდ, სამი კვირის წინ კატარში ერთმანეთს შეხვდნენ ვენესუელის პარლამენტის სპიკერი ხორხე როდრიგესი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ხუან გონსალესი.

მედიის თანახმად, კომუნიკაციის პირდაპირი არხის დასამყარებლად მოლაპარაკებები მედიატორებისა და მესამე მხარის გარეშე ჩატარდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს პატიმრების გათავისუფლებასა და ვენესუელაში პოლიტიკური ცხოვრების ნორმალიზების აუცილებლობაზე.

კარაკასი ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მოკავშირე კოლუმბიელი ბიზნესმენის, ალექს სააბის გათავისუფლებას ითხოვს. მას აშშ-ში ფულის გათეთრებისა და კორუფციის ბრალდებით ასამართლებენ, ვენესუელის მთავრობა კი, სააბის დიპლომატად მიიჩნევს.

კარაკასმა ბაიდენი საზღვარგარეთ გაყინული ვენესუელის თანხების ბლოკირებაშიც დადანაშაულა.

გარდა ამისა, იმ ფონზე, რომ მადურო სანქციების სრულ მოხსნას ითხოვს, ვაშინგტონმა ნავთობკომპანია „შევრონს“ ვენესუელაში ოპერირების ლიცენზია მიანიჭა.