თეგი: ინვესტიცია

საუდის არაბეთი ენერგეტიკულ პროექტებში $769 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავს

საუდის არაბეთი ენერგეტიკულ პროექტებში სულ მცირე 769 მილიარდი დოლარის ინვესტიციას აპირებს. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა აბდულაზიზ ბინ სალმან ალ საუდმა განაცხადა, იუწყება ტელეარხი Al-Sharq-ი. სამეფოში ენერგეტიკის სექტორში მიზნობრივი პროექტების ღირებულება, რომლებიც 2030 წლამდე განხორციელდება, სწორედ 769 მილიარდი დოლარს შეადგენს. ალ საუდის თქმით, საუდის არაბეთის ხელისუფლება აპირებს, გაზარდოს ნავთობპროდუქტების ტევადობა ჯუბაილში, იანბუსა და რას ალ-ხაირში. ასევე იგეგმება რას ალ-ხაირში ნავთობპროდუქტების მიწოდების მიზნით, ახალი პორტის აშენება იგეგმება.    

ლევან დავითაშვილი: ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ტურიზმის განვითარებისთვის, განსაკუთრებით სამთო და სათხილამურო მიმართულებით

„ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ტურიზმის განვითარებისთვის, განსაკუთრებით სამთო და სათხილამურო მიმართულებით. ინფრასტრუქტურა, რომელიც აშენდა, კურორტს წლების განმავლობაში მოემსახურება და ბაკურიანის მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით გაზრდის,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენებული ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ. ვიცე-პრემიერი ბაკურიანში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა და საჩემპიონატო მზადებას ადგილზე გაეცნო. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ისტორიულად ბაკურიანში ზამთრის ყველა სპორტი იყო წარმოდგენილი. „ჩვენ ნელ-ნელა ამ ინფრასტრუქტურის აღდგენას ვახორციელებთ. ამჯერად ჩვენ ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით სამთო - სათხილამურო სპორტის ინფრასტრუქტურა მოვაწყეთ. 270 მლნ ლარი დაიხარჯა. აშენდა სამი ახალი საბაგირო და 6 ახალი ტრასა მოეწყო, ასევე ამოქმედდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, რომლებიც უპრეცედენტოდ გრძელია და თანამედროვე სტანდარტებითაა აშენებული. დღეს ბაკურიანი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მოთხოვნებს. ასეთია საერთაშორისო ექსპერტების ობიექტური შეფასება. ბაკურიანი მზადაა, ჩაატაროს არა მხოლოდ აღნიშნული ჩემპიონატი, არამედ რეგულარული სპორტული კალენდრის ნაწილიც გახდეს. ჩვენ 2023 წლის შემდეგ წლებშიც გვექნება საერთაშორისო მასშტაბის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბაკურიანის ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით გაიზრდება. „ჩვენ შევძლებთ მეტი ტურისტი მოვიზიდოთ და კურორტს მეტი დამსვენებელი ჰყავდეს. ეს ყველაფერი ადგილობრივ და ქვეყნის ეკონომიკას ემსახურება,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ბაკურიანი 2023-ის ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება, რომელშიც 42 ქვეყნის (ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, იაპონია, კანადა, აშშ და სხვა) 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სახეობაში 30 შეჯიბრი ჩატარდება. ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ეს ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა.  

ინვესტიცია უკრაინაში: იაპონია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც $23 მილიონი გამოყო ომის რისკების დასაფარად

იაპონია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინაში ინვესტიციების დროს 23 მილიონი დოლარი შეიტანა ომთან დაკავშირებული რისკების დასაფარად. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა სამშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   „იაპონია პირველი ქვეყანაა, რომელმაც 23 მილიონი დოლარი შეიტანა უკრაინაში ინვესტიციების დროს ომის რისკების დასაფარად“, - განაცხადა შმიგალმა.   მან განმარტა, რომ MIGA-ს კონტრიბუცია საშუალებას მისცემს უკრაინას, მიიღოს კერძო უცხოური ინვესტიციები ბევრად უფრო მარტივად.   14 აპრილს უკრაინის რეკონსტრუქციის სამინისტრომ და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA) ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას 400 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ. თანხები მოხმარდება საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას.   MIGA, მრავალმხრივი ინვესტიციების გარანტიის სააგენტო, მსოფლიო ბანკის ჯგუფის ხუთი ინსტიტუტიდან ერთ-ერთია. MIGA დაარსდა 1988 წელს განვითარებად ეკონომიკებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით ვალუტის კონვერტაციისა და ფულადი გზავნილების შეზღუდვების, მთავრობის მიერ ხელშეკრულებების დარღვევის, ექსპროპრიაციის, ომისა და სამოქალაქო არეულობის რისკების შემცირების გზით.   დაარსების დღიდან MIGA-მ თითქმის 70 მილიარდი დოლარის გარანტია მისცა 122 განვითარებად ეკონომიკაში 1000-მდე პროექტის მხარდასაჭერად. MIGA-მ განსაზღვრა სამიზნე ფონდი უკრაინის რეკონსტრუქციისა და ეკონომიკის მხარდაჭერისთვის (SURE).

მომდევნო 5 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურისა და შუა დერეფანში ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, ხუთი მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდება

„მომდევნო ხუთ წელიწადში დაახლოებით ხუთი მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდება ინფრასტრუქტურასა და შუა დერეფანში ეფექტიანობის გაუმჯობესებაში“, - ამის შესახებ   TITR ასოციაციის გენერალურმა მდივანმა გაიდარ აბდიკერიმოვმა აზიის მარცვლეულის კონფერენციაზე, ალმათიში განაცხადა. ამ წლის მეორე ნახევრიდან კიდევ სამი ქვეყანა - სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა შეუერთდება ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (TITR), რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი. TITR მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ბაზრებთან ცენტრალური აზიის მწარმოებლების ინტეგრაციაში“, - განაცხადა აბდიკერიმოვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ TITR-ის ინიციატორები იყვნენ აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საქართველო. „ამ მარშრუტის მიზანია საქონლის ტრანზიტის უზრუნველყოფა ისეთი ქვეყნების მეშვეობით, როგორიცაა ჩინეთი, ყაზახეთი, კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, უკრაინა, პოლონეთი და რუმინეთი. ეს რვა ქვეყანა პროექტზე მუშაობს 2017 წლიდან. მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან მათ შეუერთდებიან სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა. გარდა ამისა, ჩვენ ველით, რომ შემოგვიერთდებიან ავსტრია, უნგრეთი და გერმანია. ასევე ძალიან აქტიურად არიან დაინტერესებულნი ფრანგი ექსპედიტორები“, - განაცხადა აბდიკერიმოვმა. აბდიკერიმოვმა ასევე აღნიშნა, რომ მარცვლეულის ექსპორტის ძირითადი მიმართულება TITR-ის ფარგლებში არის თურქეთი, კერძოდ მერსინის პორტი, სადაც დიდი მარცვლეულის ბირჟაა განთავსებული. 2022 წელს TITR-ის მიერ ტვირთის გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 1,48 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2,5-ჯერ, ანუ 898 000 ტონით მეტია 2021 წელთან შედარებით. ცნობისათვის, 7 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფენციაზე განაცხადა, რომ შუა დერეფანში სატარიფო პოლიტიკა უნდა იყოს საერთო.  შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა „შუა დერეფანი აზერბაიჯანი-საქართველო, ძალიან აქტიურნი ვართ ამ დერეფანში და მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით. როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება შუა დერეფნით და შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები“, - აღნიშნა ალიევმა. როგორც ცნობილია, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა.  ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.  კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.

ალიევი: აზერბაიჯანმა ბოლო წლებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა ბოლო წლებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ ალიევმა SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) სამიტზე განაცხადა. „ჩვენს ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შექმნას მივაღწიეთ. ბოლო 20 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში 310 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ბოლო წლებში აზერბაიჯანმა მილიარდობით დოლარის ინვესტიცია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ჩადო და გახდა ევრაზიის ერთ-ერთი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნების გასწვრივ მდებარეობს,“ - აღნიშნა ალიევმა. შუა დერეფანი SPECA-ს ქვეყნებისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი  

ქარის ორი და მზის ერთი ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქარის ორი და მზის ერთი ელექტროსადგურის აშენება იგეგმება. აღნიშნული ელექტროსადგურების განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტზე, მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. ქარის ელექტროსადგურთა პროექტებიდან ერთი იმერეთის რეგიონში განხორციელდება, რომლის დადგმული, სავარაუდო სიმძლავრე 103,5 მეგავატია, გამომუშავება კი 362 მლნ კვტ საათს მიაღწევს. პროექტისთვის საჭირო ინვესტიციის რაოდენობა 130 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ქარის მეორე ელექტროსადგურს, რომლის აშენებაც შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის მუნიციპალიტეტში იგეგმება, მისი დადგმული სიმძლავრე − 43,4 მგვტ, გამომუშავება − 148 მლნ კვტ სთ, ხოლო ინვესტიციის რაოდენობა 25,25 მლნ აშშ დოლარია. გარდა ამისა, 4,797 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება იმერეთის რეგიონში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში 7,8 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად, რომლის სავარაუდო გამომუშავებაც 10,295 მლნ კვტ სთ იქნება. „ამ ეტაპზე სამივე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და კვლევების კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები მიმდინარეობს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.