ინვესტიცია უკრაინაში: იაპონია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც $23 მილიონი გამოყო ომის რისკების დასაფარად

იაპონია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინაში ინვესტიციების დროს 23 მილიონი დოლარი შეიტანა ომთან დაკავშირებული რისკების დასაფარად. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა სამშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
„იაპონია პირველი ქვეყანაა, რომელმაც 23 მილიონი დოლარი შეიტანა უკრაინაში ინვესტიციების დროს ომის რისკების დასაფარად“, - განაცხადა შმიგალმა.
 
მან განმარტა, რომ MIGA-ს კონტრიბუცია საშუალებას მისცემს უკრაინას, მიიღოს კერძო უცხოური ინვესტიციები ბევრად უფრო მარტივად.
 
14 აპრილს უკრაინის რეკონსტრუქციის სამინისტრომ და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA) ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას 400 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ. თანხები მოხმარდება საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას.
 
MIGA, მრავალმხრივი ინვესტიციების გარანტიის სააგენტო, მსოფლიო ბანკის ჯგუფის ხუთი ინსტიტუტიდან ერთ-ერთია. MIGA დაარსდა 1988 წელს განვითარებად ეკონომიკებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით ვალუტის კონვერტაციისა და ფულადი გზავნილების შეზღუდვების, მთავრობის მიერ ხელშეკრულებების დარღვევის, ექსპროპრიაციის, ომისა და
სამოქალაქო არეულობის რისკების შემცირების გზით.
 
დაარსების დღიდან MIGA-მ თითქმის 70 მილიარდი დოლარის გარანტია მისცა 122 განვითარებად ეკონომიკაში 1000-მდე პროექტის მხარდასაჭერად. MIGA-მ განსაზღვრა სამიზნე ფონდი უკრაინის რეკონსტრუქციისა და ეკონომიკის მხარდაჭერისთვის (SURE).