თეგი: პოლარიზაცია

ჩვენი მხრიდან ვიღებთ ვალდებულებას საჯაროდ - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პოლარიზება დავასრულოთ - პრემიერი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის პასუხისმგებლობაა ევროკომისიის პირობების შესრულება, თუმცა მოცემული 12 პირობიდან, ყველაზე მთავარი - პოლარიზების დასრულება ერთობლივად განსახორციელებელია. „მთავრობა ამას ვერ გავაკეთებთ ოპოზიციის გარეშე. და, პირიქით, ოპოზიცია ამას ვერ გააკეთებს მთავრობის გარეშე. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვიღებთ ვალდებულებას საჯაროდ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პოლარიზება დავასრულოთ. ეს ჩვენი კეთილი ნებაა, გაცხადებული საჯაროდ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილმა „მოუწოდა ოპოზიციას, რომ დააყენოს ხალხის ინტერესები ყველაზე მაღლა“: „ერთად შევასრულოთ ეს პირველი პირობა - პოლარიზების დასრულება, რაც არის მაღალი შეშფოთების საგანი ჩვენს პარტნიორებში. პირველი მუხლი არის სწორედ პოლარიზების დასრულება, ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ძალიან მოკლე დროში შევასრულებთ, დანარჩენი კი, მეორე მხარის განსახორციელებელი იქნება. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ოპოზიციას, რომ შეასრულონ ქართველი ხალხის წინაშე ეს პირობა“. „საერთოდ ჩვენი ამოცანა ახლა უნდა იყოს, მაქსიმალურად მშვიდად, სტაბილურად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა, განვითარება, მშვიდობის შენარჩუნება და ყველა დასახული მიზნის მაქსიმალურად მოკლე დროში მიღწევა. ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა, ჩვენი მმართველი გუნდი არის ამისთვის მზად. მოგეხსენებათ კარგად, რომ ჩამოთვლილ პირობებში არის ერთი, ასე ვთქვათ, პირდაპირი მითითება, მუხლი დავარქვათ ამას, პირობა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოვახერხოთ პოლარიზების დასრულება. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი გუნდის სახელით განვაცხადო სრული მზაობა იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, ჩვენი კარი არასოდეს დაგვიხურავს. მინდა, ხაზგასმით და ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა, ყოველთვის გვქონდა და გვექნება მუდამ, რომ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ვიმუშაოთ ერთად, გვქონდეს რეალური დებატები, დისკუსია, მსჯელობა და ეს, რა თქმა უნდა, უნდა ხდებოდეს ნორმალურ, მშვიდ, კონსტრუქციულ, ჯანსაღ ვითარებაში. ეს არის ჩვენი სურვილი. იმედი მაქვს, რომ ამ პასუხისმგებლობას ჩვენი ოპონენტებიც გაითვალისწინებენ, გაიზიარებენ, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი პირველი მუხლი, პირველი პირობა, რაც ეხება პოლარიზების დასრულებას, მათი ვალდებულებაც არის, მათი პასუხისმგებლობაც არის და ამას მარტო მმართველი გუნდი, მმართველი პარტია და მთავრობა ვერ განახორციელებს, თუ მათი მხრიდანაც არ იქნება გადადგმული რეალური, ქმედითი ნაბიჯები. მე მინდა, კიდევ ერთხელ ოპტიმისტურად განვაცხადო, რომ მე მჯერა, ისინი დააყენებენ საკუთარ ამბიციებს, საკუთარ სურვილებსა და პირად მიზნებს ქვეყნის ინტერესებზე დაბლა, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი არის ჯერ ჩვენი სახელმწიფო, ქვეყნის მომავალი და შემდეგ ჩვენი მათ შორის თუნდაც პარტიული და პირადი ინტერესები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ევროკავშირი: პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები 2021 წელს განაგრძობდა პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენას

ევროკავშირის შეფასებით, პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები 2021 წელს განაგრძობდა პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენას. ევროკავშირის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2021 წელს დიდი პოლიტიკური მოვლენები და საქართველოს პოლიტიკის პოლარიზაციის შემდგომი გაღრმავება აღინიშნებოდა. „პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები 2021 წელს განაგრძობდა პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენას. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკანორ მელიას საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნეს და 2021 წლის თებერვალში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე წინა სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მისმა დაკავებამ შემდგომი პოლარიზაცია გამოიწვია. 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში, მისი გირაო ევროკავშირში დაფუძნებულმა ავტონომიურმა ორგანიზაციამ გადაიხადა. თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო თიბისი ბანკის დამფუძნებლები და პოლიტიკური პარტია ლელო 2022 წლის იანვარში; ბრალდება და პროცესი სახალხო დამცველის აპარატმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა გააპროტესტეს. 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია „მთავრის“ დირექტორის ბ-ნ გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და მას 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ორჯერ არის მსჯავრდებული და რომელსაც წინ კიდევ სამი სასამართლო პროცესი ელოდება, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს და დაპატიმრეს. 2021 წლის შემოდგომაზე, ბ-ნი სააკაშვილის ციხეში ყოფნის ვიდეომასალის გამოქვეყნებამ და სათანადო ჯანდაცვისა და სასამართლო სხდომებზე დასწრების უფლების სავარაუდო დარღვევამ შეშფოთება გამოიწვია. ბ-ნ სააკაშვილის სასამართლო საქმეზე განაჩენის გამოტანამდე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის ნოემბერში დროებითი ღონისძიების შესახებგადაწყვეტილება გამოგზავნა. მან დაავალა მთავრობას მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უზრუნველყო შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უსაფრთხოება. მან ასევე ბ-ნ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვიტისკენ მოუწოდა. სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, ბ-მა სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა და სამედიცინო რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება ქვეყნის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების შესახებ ბ-ნ სააკაშვილის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

მეუფე იაკობი: შერიგება იქნება ყველაზე კარგი, ეკლესიაც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში

ბოდბელo მიტროპოლიტ მეუფე იაკობის განცხადებით, პოლარიზაციის შეწყვეტაზე მნიშვნელოვანი დღეს საქართველოში ყველაზე კარგი, შერიგება იქნება. ჟურნალისტების კითხვაზე, შეეფასებინა „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებები, აღნიშნა, თუ წასული დეპუტატები, რაღაცას ამბობენ ამერიკის ელჩზე, ისევ წასულ დეპუტატებთან უნდა ჰქონდეს კითხვები ელჩს. მისივე თქმით, ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების პროცესში ეკლესიაც უნდა ჩაერთოს. „არა თუ პოლარიზაციის შეწყვეტა, არამედ შერიგება იქნება ყველაზე კარგი, ყველას რომ შეგვეძლოს განვითარებაში მონაწილეობა. ჩვენს ამპარტავნებას უნდა გადავაბიჯოთ. ეკლესიაც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. არ მინდა, კონკრეტული ვინმე თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს. ყველამ უნდა ვაშენოთ საქართველო. ევროპარლამენტარებს თუ ჩვენთვის კარგი უნდოდათ, ენერგოუსაფრთხოება უნდა ჩაეწერათ. ენერგოუსაფრთხოებაზე წინ ერთადერთი რამეს ვაყენებ - შერიგების პუნქტს, ამის მერე დანარჩენი 11 პუნქტი ჩემთვის მე-100 ხარისხოვანია“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

სალომე ზურაბიშვილი: დღეს გვგონია, რომ ყველაფერი იწყება და თავდება პოლარიზაციით, რა დროსაც ხშირად სახელმწიფო ინტერესები იკარგება

დღეს გვგონია, რომ ყველაფერი იწყება და თავდება დაპირისპირებითა და პოლარიზაციით - დღეს მხოლოდ ეს გვესმის, სხვადასხვა ადამიანების ერთმანეთთან დაჯახება, რომლის დროსაც გვრჩება განცდა, რომ ხშირად იკარგება სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები, - ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლეში ვარლამ ჩერქეზიშვილის შრომების, ცხოვრებისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის ამსახველი სამეცნიერო ლიტერატურის ციფრული ვერსიების გამოფენის გახსნისას განაცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკურ სივრცეში ხშირად წინა პლანზე გამოდის მხოლოდ კონფლიქტი, მხოლოდ, ვიწრო გაგებით პოლიტიკური, პარტიზანული დაპირისპირება. "დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გავიხსენოთ ვარლამ ჩერქეზიშვილი და გავხსნათ ძალიან საინტერესო გამოფენა. ვარლამ ჩერქეზიშვილის მოღვაწეობა, რომელიც პოლიტიკურ ემიგრაციასაც უკავშირდება ჩვენი ისტორიის ძალიან საინტერესო ნაწილია.  ემიგრაცია არ დაწყებულა მხოლოდ 1921 წლის შემდეგ, ის ბევრად უფრო ადრე, რუსული იმპერიის დროს დაიწყო და ვარლამ ჩერქეზიშვილი იმ დროს უკვე იყო პოლიტიკურ ემიგრაციაში. ეს ადამიანები იქ ამზადებდნენ ჩვენი სახელმწიფოს საფუძვლებს, ჩვენს სახელმწიფო იდეოლოგიას. იბრძოდნენ იმთავითვე დამოუკიდებლობისთვის და იმისთვის, რომ ეს ქვეყანა სწორედ ევროპულ საწყისებზე შექმნილიყო. ვარლამ ჩერქეზიშვილი ანარქისტი იყო და ამავდროულად, სხვებთან ერთად იბრძოდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოს მშენებლობისათვის. დღეს, როცა აქედან ვუყურებთ ისტორიის ამ ფურცლებს, ვრწმუნდებით, რომ თურმე შესაძლებელია ეროვნული თანხმობა შედგეს, თუნდაც იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც ძალიან განსხვავებული წარმოდგენები და იდეოლოგია გააჩნიათ; შესაძლებელია, რომ სახელმწიფოს ირგვლივ და მისი შექმნის ირგვლივ შედგეს ის ეროვნული თანხმობა, რომელიც დღეს ესოდენ გვჭირდება.  დღეს გვგონია, რომ ყველაფერი იწყება და თავდება დაპირისპირებითა და პოლარიზაციით - დღეს მხოლოდ ეს გვესმის - სხვადასხვა ადამიანების ერთმანეთთან დაჯახება, რომლის დროსაც გვრჩება განცდა, რომ ხშირად იკარგება სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები. წინა პლანზე გამოდის მხოლოდ ეს კონფლიქტი, მხოლოდ ეს, ვიწრო გაგებით პოლიტიკური, პარტიზანული დაპირისპირება. სწორედ ვარლამ ჩერქეზიშვილია იმის მაგალითი, რომ თურმე შეიძლება სხვანაირადაც. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, მაინც იყო ერთი და ერთიანი გაგება იმისა, რომ მთავარი საქართველოს დამოუკიდებლობაა და ყველა ამისათვის იბრძოდა.  ამიტომ მე არაერთხელ გამოვედი ინიციატივით, რომ (ალბათ, უფრო ვაკის პარკში) შეიქმნას, ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა ფორმით, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ერთიანი მემორიალი, რომელთა შორისაც იყო ვარლამ ჩერქეზიშვილი. ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენთან არიან სკოლის მოწაფეები საგარეჯოდან, ვარლამ ჩერქეზიშვილის მშობლიური კუთხიდან. მნიშვნელოვანია, რომ დღეს რომ სკოლებში დაიწყოს პოლიტიკური ემიგრაციის პერიოდისა და ამ პიროვნებების შესახებ უფრო საფუძვლიანი სწავლება. უნივერსიტეტში ჩვენ გვყავს სწორედ პოლიტიკური ემიგრაციის სპეციალისტები, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ექსპერტების საკითხი, ეს საზოგადოებისთვის მსჯელობის საგანი უნდა გახდეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სასიხარულოა, რომ ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილი ეს გამოფენა არ იქნება ერთდღიანი გამოფენა, ის გასცდება დედაქალაქს და გავა რეგიონებში. გამოფენის გახსნისას სიტყვით გამოვიდნენ ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, მეცნიერი და მკვლევარი გოჩა ფერაძე, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს ვარლამ ჩერქეზიშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოცემული საფოსტო მარკა უსახსოვრა", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

სალომე ზურაბიშვილი: პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის პლატფორმის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობა და გამოწვევები საქართველოში“ საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში, ვიდრე იმ მუნიპალიტეტებში, სადაც ერთმანეთთან თანაცხოვრების ტრადიცია და წესი მაინც შენარჩუნებულია. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საჭიროა, საზოგადოებამ დეპოლარიზაციის ყველა შესაძლო და არსებული საშუალება გამოიყენოს. „მოქალაქეების მეტი ჩართულობით ბევრს მივაღწევთ, მეტ დემოკრატიას, დეპოლარიზაციას, რადგან, როცა კონკრეტულ საქმეში მოქალაქეები ერთად არიან ჩართულნი, იქ უკვე პოლიტიკური დაძაბულობა ნაკლებადაა, ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი არის. პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში და ცენტრში, ვიდრე, იმ მუნიციპალიტეტებში, ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ერთმანეთთან თანაცხოვრების პრაქტიკა, ტრადიცია და წესი შენარჩუნებულია. ამიტომ საჭიროა, როგორც ქვეყანამ და როგორც საზოგადოებამ დეპოლარიზაციის ყველა შესაძლო და არსებული საშუალება გამოვიყენოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, თვითმმართველობის საკითხი ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხია ჩვენი მომავლისთვის. „თუ გვინდა დემოკრატია, ევროპულობა და ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ გვჭირდება ძლიერი რეგიონები. ეს ისეთი მოცემულობაა, რომელსაც ვერ გავექცევით. არ იქნება ძლიერი რეგიონები და არ იქნება ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი საქართველო! რეგიონების მიმართ მეტი ყურადღება - ეს პირველივე დღიდან ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მაგრამ მხოლოდ ყურადღება არ არის საკმარისი. იმისთვის, რომ რეგიონი იყოს ძლიერი - თვითმმართველობა უნდა იყოს რეალური, პრაქტიკაში გადატანილი და არ დარჩეს მხოლოდ კარგ საკანონმდებლო ბაზად და სტრატეგიად. ამ მიმართულებით ძალიან ბევრია გაკეთებული, მაგრამ რაც მთავარია, რეგიონი პრაქტიკაში უნდა იყოს თვითმმართველი, მუნიციპალიტეტი უნდა იყოს თვითმმართველი, რაც რამოდენიმე წინაპირობას მოითხოვს, მაგრამ ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ, ვერ დავუბრუნდებით ჩვენს ტრადიციულ წყობას. საქართველო ძლიერი იყო სწორედ მაშინ, როცა თვითმმართველი ერთეულები (მაშინ თვითმმართველი არ ერქვა) იყვნენ ძლიერები და იყვნენ ერთად. ეს ერთობა, თვითმმართველობა და მათი დამოუკიდებლობა ჩვენი ნიშაა. ჩვენ სახელმწიფოს ეს მოწყობა საბჭოთა წყობამ დაარღვია, გადაგვიყვანა ულტრაცენტრალიზებულ წყობაზე და ამით მოსპო ის, რაც ჩვენი ძლიერების საფუძვლებს წამოადგენდა, რასაც უთუოდ უნდა დავუბრუნდეთ. ჩვენ გვაქვს ამისი საწყისი მიმართულებები: მივიღეთ ,,თვითმმართველობის კოდექსი“, თუმცა ყველაფერი ჯერ არ არის შესრულებული; მივიღეთ დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელსაც სჭირდება განხორციელება სამი მთავარი მიმართულებით - ფინანსებით იწყება და მთავრდება ყველაფერი, თუ არ იქნება შემოსავლების ახლებური გადანაწილება, არ იქნება არც თვითმმართველობა, რადგან მას არ ექნება საკუთარი გადაწყვეტილებების განხორციელების რესურსი. ამიტომ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ. ბევრ ქვეყანაში არსებობს იმის მაგალითი, როგორ უნდა გადანაწილდეს რესურსები იმისთვის, რომ რეალური გახდეს თითმმართველობის ძალა და საშუალება. მეორე, თვითმმართველობებისათვის ქონების გადაცემის საკითხია, რომელიც ასევე წერია ახალ კოდექსში, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის განხორციელებული და რაც მუნიციპალიტეტების ძალისა და ახალი შესაძლებლობის ერთ-ერთი საფუძველია. და მესამე, გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიუჯეტის გადანაწილების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის საკითხია, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. ესეც დაწყებულია, რამოდენიმე მუნიპალიტეტში ეს პრაქტიკა უკვე შემოტანილია. ზოგ ადგილას ძალიან მცირე მასშტაბით, ზოგან ცოტა უფრო სერიოზულად, მაგრამ ეს ჯერ მაინც მოიცავს მხოლოდ ისეთ პროექტებს, როგორიცაა სკვერი, ქანდაკება და აშ. ეს არ არის პროცესებში მოქალაქის ბოლომდე ჩართულობა, რომელიც თვითმმართველობის ნამდვილი პარტნიორი გახდა. ამისკენ წასასვლელად გადასადგმელი ნაბიჯები ყველას ჩართულობას მოითხოვს. ასე რომ, საქმე ბევრია“,- განაცხადა პრეზიდენტმა. პლატფორმის ორგანიზატორია საქართველოში სოლიდარობის ფონდ PL-ის (SFPL) ფილიალი და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია (GFA). ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ადგილობრივი პრობლემების ეფექტურად მართვის საუკეთესო სტრატეგიები და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. პლატფორმის მთავარი ამოცანაა საქართველოს თვითმმართველობის ორგანოებისთვის პრიორიტეტული სტრატეგიების მინიჭება, რაც საშუალებას მისცემს მათ უკეთ მოემსახურონ საკუთარ მოქალაქეებს, გააუმჯობესონ მდგრადობა და უკეთ წარმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის კოლექტიური ხედვა საქართველოში. გარდა ამისა, პლატფორმა მიზნად ისახავს ფინანსური და საბიუჯეტო SOP-ების გადაცემას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის.  

ლაშა ხუციშვილი: პოლარიზაციის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ხელისუფლების ძალისხმევა, არამედ ოპოზიციის ჩართულობა

პოლარიზაციის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ხელისუფლების ძალისხმევა, არამედ მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას. ნედ პრაისი: ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო, რომლებმაც მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხება ან უკუსვლა გამოიწვიეს "ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ის ხარისხი, რომელიც გაგვაჩნია, ასევე მისი შემდგომი განვითარება. რაც შეეხება პოლარიზაციის ხარისხს, პოლარიზაციის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ხელისუფლების, მთავრობის ძალისხმევა, არამედ მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში. რაც შეეხება დანარჩენ პუნქტებს მიმდინარეობს მუშაობა. ყველა პუნქტი ვადებში შესრულდება",- აღნიშნავს ლაშა ხუციშვილი. ასევე წაიკითხეთ: ნედ პრაისი: მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს თავისი ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, საჭირო რეფორმების გატარებით ნედ პრაისი: ზოგიერთი ქმედება და რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს  

სალომე ზურაბიშვილი: პოლარიზაცია დემოკრატიის ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელიც ყველგანაა და ჩვენთან შემოიჭრა, პოლიტიკურ პარტიებს შორის, მედიასა თუ ეკლესიაში

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ მიგვიღწევია იდეალური დემოკრატიისთვის, თუმცა რომელმა თქვენგანმა მიაღწია დღეს? ჩვენ ვნახეთ პერიოდები, როცა რეფორმები სწრაფად წავიდა და ისეთი პერიოდებიც, როცა ნაკლებად სწრაფად, მაგრამ ჩვენ დღეს ისეთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომელიც დღევანდელ დემოკრატიას ემუქრება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალოე ზურაბიშვილმა სტრასბურგში „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცახდა.  „გამოწვევა, რომელსაც შესანიშნავად უწევს წინააღმდეგობას მთლიანად უკრაინელი ერი (და მსურს პატივი მივაგო მთლიანად უკრაინელ ხალხს, არა მხოლოდ მებრძოლებს). რაც კიდევ უფრო გასაოცარი და აღმაფრთოვანებელია, ამ დიდი გამოწვევის წინაშე, ამ ერის სრული ერთობაა. ეს არის ის ძალა, რომელიც ამ ომში წარმატებულია. არის კიდევ დემოკრატიის სხვა გამოწვევაც - პოლარიზაცია, რომელიც ყველგანაა და ჩვენთან შემოიჭრა. იქნება ეს პოლიტიკურ პარტიებს შორის, მედიაში თუ ეკლესიაში, რომელიც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ინსტიტუტია საქართველოში. პოლარიზაცია იმ მნიშვნელობით, რომ აღარ ენდობი სხვას, როცა ფიქრობ, რომ სხვა უკვე მტერია, მაშინ, როცა მტერი საზღვართან გყავს, როცა ხარ რეგიონში, რომლის სტაბილურობაც ჯერ კიდევ ბოლომდე არაა მიღწეული, რადგან არაა არცერთი უსაფრთხოების ინსტიტუტი, ევროპულ და ნატო-ს საზღვარს ჯერ არ შევერთებივართ. ვართ, არ ვიტყოდი ნაცრისფერ ზონაში, თუმცა არც უსაფრთხოების ზონაში არ ვართ, და ასეთ მომენტში, პოლარიზაცია ერის წინაშე დანაშაული ხდება, რადგან ეს ყველაზე მეტად ასუსტებს [ქვეყანას], ყველაზე მეტად გამოყენებადია მტრის მიერ, მაშინ როცა სამხედრო თავდასხმას არ იყენებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსული ბაზა დედაქალაქიდან სულ რაღაც 30 კილომეტრშია და ქვეყნის ტერიტორიის 20%  ოკუპირებულია. ეს არაა დამამშვიდებელი სიტუაცია, ეს ის სიტუაციაა, რაშიც ვცხოვრობთ და რომლის მიუხედავადაც, ვავითარებთ ამ დემოკრატიულ გამძლეობას, მიუხედავად იმისა, რომ არაიდეალურია. მესამე გამოწვევა, ეს ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეაქციის არარსებობაა. საქართველოსთვის ნაცნობია ეს გზა, რომელზეც მიიწევს წინ მეზობლობის პოლიტიკიდან დაწყებული. მე მახსოვს ეს პერიოდი, მაშინ როცა საფრანგეთის ელჩის რანგში, შემდეგ კი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ჩავედი საქართველოში. მაშინ ყველა მეუბნებოდა, რომ მეზობლობის პოლიტიკა საქართველოსთვის არაა, რომ ეს ძალიან შორია და არასდროს მოხდება. შემდეგ ვიხილეთ მეზობლობის პოლიტიკა, ასოცირება, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი სავაჭრო სივრცე - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, თუმცა არ ყოფილა ევროპის მხრიდან რეაქცია. შესაძლოა, ევროპულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ ნაწილობრივ მოახდინა რეაგირება, თუმცა საქართველომ, უკრაინისა (რაც მოსახლეობისათვის ნათლად გასაგები იყო) და მოლდოვასათვის კანდიდატის სტატუსის მიცემის პროცესში, დიდი იმედგაცრუება განიცადა. მიუხედავად ყველაფრისა, იმედგაცრუება, ანუ პროცესის მიღმა დარჩენა სხვისთვის მესიჯია, რომ შესაძლოა, არსებობდეს მყიფე სიტუაცია, რომლის გამოყენებასაც ერთ დღეს შეძლებს, რითაც სხვა დანაკარგების და დეფექტების კომპენსირებას მოახდენს. ყურადსაღები საკითხია. ასე რომ, ჩვენ განვიცადეთ ვიტყოდი ეს ეგზისტენციალური იმედგაცრუება. ჩვენ იმდენად ევროპელები ვართ და უკვე იმდენი ხანია რომ, რაღაც მომენტში უნდა შევუერთდეთ ამ ევროპულ ოჯახს. ვფიქრობ, დღეს დასაკარგი დრო აღარ გვაქვს. საქართველოსათვის საჭიროა კანდიდატობა. გზავნილი გაგებულ იქნა - თქვენ არ ხართ სრულყოფილი - და არ ვართ სრულყოფილი, თუმცა დღეს საჭიროა კანდიდატურა და საჭიროა, რომ შემდეგი გზაც იყოს ზედმიწევნითი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება.   

პოლარიზაცია არ არის სასურველი მდგომარეობა - ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკაში მხარეებს შორის, პოლარიზაცია სასურველი არ არის. „ჩვენ ყველა ვიაზრებთ, რომ პოლარიზაცია არავისთვის არ არის სასურველი მდგომარეობა ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ ვართ რადიკალები, კატეგორიულად მოაზროვნეები. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ისეთ კატეგორიულად მოაზროვნეებს, როგორიცაა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ჩვენ ვერასდროს გავხდებით მათნაირები. მე შემიძლია მოვუწოდო, ვთხოვო ყველას, ნუ ვიქნებით კატეგორიულად მოაზროვნეები“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.