ჩვენი მხრიდან ვიღებთ ვალდებულებას საჯაროდ - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პოლარიზება დავასრულოთ - პრემიერი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის პასუხისმგებლობაა ევროკომისიის პირობების შესრულება, თუმცა მოცემული 12 პირობიდან, ყველაზე მთავარი - პოლარიზების დასრულება ერთობლივად განსახორციელებელია.

„მთავრობა ამას ვერ გავაკეთებთ ოპოზიციის გარეშე. და, პირიქით, ოპოზიცია ამას ვერ გააკეთებს მთავრობის გარეშე. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვიღებთ ვალდებულებას საჯაროდ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პოლარიზება დავასრულოთ. ეს ჩვენი კეთილი ნებაა, გაცხადებული საჯაროდ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა „მოუწოდა ოპოზიციას, რომ დააყენოს ხალხის ინტერესები ყველაზე მაღლა“: „ერთად შევასრულოთ ეს პირველი პირობა - პოლარიზების დასრულება, რაც არის მაღალი შეშფოთების საგანი ჩვენს პარტნიორებში. პირველი მუხლი არის სწორედ პოლარიზების დასრულება, ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ძალიან მოკლე დროში შევასრულებთ, დანარჩენი კი, მეორე მხარის განსახორციელებელი იქნება. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ოპოზიციას, რომ შეასრულონ ქართველი ხალხის წინაშე ეს პირობა“.

„საერთოდ ჩვენი ამოცანა ახლა უნდა იყოს, მაქსიმალურად მშვიდად, სტაბილურად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა, განვითარება, მშვიდობის შენარჩუნება და ყველა დასახული მიზნის მაქსიმალურად მოკლე დროში მიღწევა. ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა, ჩვენი მმართველი გუნდი არის ამისთვის მზად. მოგეხსენებათ კარგად, რომ ჩამოთვლილ პირობებში არის ერთი, ასე ვთქვათ, პირდაპირი მითითება, მუხლი დავარქვათ ამას, პირობა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოვახერხოთ პოლარიზების დასრულება. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი გუნდის სახელით განვაცხადო სრული მზაობა იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, ჩვენი კარი არასოდეს დაგვიხურავს.

მინდა, ხაზგასმით და ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა, ყოველთვის გვქონდა და გვექნება მუდამ, რომ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ვიმუშაოთ ერთად, გვქონდეს რეალური დებატები, დისკუსია, მსჯელობა და ეს, რა თქმა უნდა, უნდა ხდებოდეს ნორმალურ, მშვიდ, კონსტრუქციულ, ჯანსაღ ვითარებაში. ეს არის ჩვენი სურვილი. იმედი მაქვს, რომ ამ პასუხისმგებლობას ჩვენი ოპონენტებიც გაითვალისწინებენ, გაიზიარებენ, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი პირველი მუხლი, პირველი პირობა, რაც ეხება პოლარიზების დასრულებას, მათი ვალდებულებაც არის, მათი პასუხისმგებლობაც არის და ამას მარტო მმართველი გუნდი, მმართველი პარტია და მთავრობა ვერ განახორციელებს, თუ მათი მხრიდანაც არ იქნება გადადგმული რეალური, ქმედითი ნაბიჯები.

მე მინდა, კიდევ ერთხელ ოპტიმისტურად განვაცხადო, რომ მე მჯერა, ისინი დააყენებენ საკუთარ ამბიციებს, საკუთარ სურვილებსა და პირად მიზნებს ქვეყნის ინტერესებზე დაბლა, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი არის ჯერ ჩვენი სახელმწიფო, ქვეყნის მომავალი და შემდეგ ჩვენი მათ შორის თუნდაც პარტიული და პირადი ინტერესები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.