თეგი: ტანკერი

მიმდინარე თვეს შავ ზღვაში ხომალდი ნაღმს მეორედ შეეჯახა

Reuters-ის ცნობით, ლიბერიის დროშის ქვეშ მყოფი ნავთობპროდუქტების მზიდი ტანკერი შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროზე ნაღმს შეეჯახა. ტანკერმა გუშინ ინციდენტის დროს მცირე დაზიანება მიიღო. ეკიპაჟი კი, უსაფრთხოდაა. განუცხადეს სააგენტოს წყაროებმა. ეს არის ამ თვეში მეორე გემი, რომელიც მცურავ ნაღმს შეეჯახა. 6 ოქტომბერს თურქული სატვირთო გემი შავ ზღვაში ასევე ნაღმს შეეჯახა. უკრაინის მთავრობის წყარომ დაადასტურა, რომ ხომალდი ნაღმს დაეჯახა და განმარტა, რომ ეს იყო „სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაღმი, ან სადესანტო ნაღმი, რომელიც იქ დარჩა გასულ წელს." შავი ზღვის არეალი მაღალი რისკის ზონაშია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე.  

ინდოეთმა რუსული ნავთობით დატვირთული სანქცირებული ტანკერი არ მიიღო

ინდოეთი უარს ამბობს, მიიღოს სანქციების ქვეშ მყოფი ტანკერები, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ. ქვეყანამ რუსეთიდან ნავთობის შესყიდვა შეზღუდა. მისი წილი ბოლო 9 თვის განმავლობაში, ოქტომბერში მინიმუმამდე დაეცა. შესაბამის ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.  როგორც გამოცემა წერს, გასული თვის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა ხუთ ტანკერზე, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. სანქციების ქვეშ მყოფი ტანკერებიდან ოთხი რუსულ Sovcomflot-თან არის დაკავშირებული, ერთი კი, თურქულ კომპანიას ეკუთვნის. ტანკერი NS Century ნავთობის ტრანსპორტირებას ინდოეთში ბოლო თვეების განმავლობაში რეგულარულად ახორციელებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მას ერთი კვირის წინ, სანქციები დაუწესეს, ტანკერი შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროზე გადაადგილდა. ინდოეთის გადაზიდვების მიმართულების გენერალურმა დირექტორატმა განაცხადა, რომ მთავრობისგან მითითებებს ელოდება იმის შესახებ, მიეცემა თუ არა გემს ნავთობის განტვირთვის უფლება. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთი ნავთობის უმეტეს ნაწილს დადგენილ ზღვარზე მაღალ ფასად ყიდის. რუსეთის ნავთობის საშუალო ფასი სექტემბერში, რუსეთის მთავრობის მონაცემებით, ბარელზე 83 დოლარზე მეტი იყო. სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები მზად არიან, სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შესაზღუდად, წესები გაამკაცრონ. რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ.  

ტანკერი, რომელზეც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა, თავმდამსხმელებმა აშშ-ის ჩარევის შედეგად გაათავისუფლეს - AP

ისრაელთან დაკავშირებული ტანკერი იემენის სანაპიროსთან შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. ხომალდზე საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა. თავდამსხმელებმა აშშ-ის საზღვაო ძალების მოთხოვნის შემდეგ, ტანკერი გაათავისუფლეს. ისინი აშშ-ის საზღვაო ძალებმა დააკავეს. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ცენტრალური სარდლობამ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა და მოკავშირეებმა, მათ შორის Arleigh Burke-ის კლასის გამანადგურებელ USS Mason-ის მზადყოფნაში მოყვანით, საპასუხო ქმედება განახორციელეს და თავდამსხმელებს ტანკერის გათავისუფლება მოსთხოვეს.  „ხუთმა შეიარაღებულმა პირმა გემი დატოვა და გაქცევა მათი პატარა ნავით სცადა. Mason დაედევნა თავდამსხმელებს, რის შედეგადაც ისინი საბოლოოდ ჩაბარდნენ," - განაცხადა ცენტრალურმა სარდლობამ. ტანკერი 26 ნოემბერს გაიტაცეს. ცენტრალურ სარდლობას გამტაცებლების ვინაობა არ დაუკონკრეტებია. თუმცა აღნიშნეს, რომ სატვირთო ხომალდის მოვლენებიდან მცირე ხანში ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან საბრძოლო გემის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. რაკეტები ადენის ყურეში, ხომალდებიდან 18.5 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა. არავინ დაშავებულა. იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა თავდასხმაში ჰუსიტებს ადანაშაულებდა, თუმცა აჯანყებულებს, რომლებიც დედაქალაქ სანაას აკონტროლებენ, პასუხისმგებლობა ტანკერის გატაცებასა და სარაკეტო თავდასხმაზე არ აუღიათ. ხომალდი ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავდა, მისი მმართველი კი კომპანია Zodiac Maritime-ია. კომპანიის წარმომადგენელმა შემთხვევას "საეჭვო მეკობრეობის ინციდენტი" უწოდა. კომპანიის განცხადებით, ხომალდს თურქი კაპიტანი მართავდა და ეპიჟის წევრებს შორის რუსეთის, ვიეტნამის, ბულგარეთის, ინდოეთის, საქართველოსა და ფილიპინების მოქალაქეები იმყოფებოდნენ.