ინდოეთმა რუსული ნავთობით დატვირთული სანქცირებული ტანკერი არ მიიღო

ინდოეთი უარს ამბობს, მიიღოს სანქციების ქვეშ მყოფი ტანკერები, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ. ქვეყანამ რუსეთიდან ნავთობის შესყიდვა შეზღუდა. მისი წილი ბოლო 9 თვის განმავლობაში, ოქტომბერში მინიმუმამდე დაეცა. შესაბამის ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 

როგორც გამოცემა წერს, გასული თვის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა ხუთ ტანკერზე, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ.


სანქციების ქვეშ მყოფი ტანკერებიდან ოთხი რუსულ Sovcomflot-თან არის დაკავშირებული, ერთი კი, თურქულ კომპანიას ეკუთვნის.

ტანკერი NS Century ნავთობის ტრანსპორტირებას ინდოეთში ბოლო თვეების განმავლობაში რეგულარულად ახორციელებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მას ერთი კვირის წინ, სანქციები დაუწესეს, ტანკერი შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროზე გადაადგილდა.

ინდოეთის გადაზიდვების მიმართულების გენერალურმა დირექტორატმა განაცხადა, რომ მთავრობისგან მითითებებს ელოდება იმის შესახებ, მიეცემა თუ არა გემს ნავთობის განტვირთვის უფლება.


ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ.

დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთი ნავთობის უმეტეს ნაწილს დადგენილ ზღვარზე მაღალ ფასად ყიდის. რუსეთის ნავთობის საშუალო ფასი სექტემბერში, რუსეთის მთავრობის მონაცემებით, ბარელზე 83 დოლარზე მეტი იყო. სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები მზად არიან, სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შესაზღუდად, წესები გაამკაცრონ.


რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ.