თეგი: ჭადრაკი

განათლების სამინისტრო: სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან

სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან, - ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ჭადრაკი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება. "სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 წლის სექტემბრიდან იგეგმება, მანამდე კი, ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით, აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, მასწავლებლების ტრენინგების ორგანიზებისა და სასწავლო რესურსების მომზადების კუთხით. ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, როგორებიცაა: ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვა. ეს კი, პირდაპირ კავშირშია მათემატიკისა და სხვა საგნების სტანდარტებით განსაზღვრულ კომპეტენციებთან“, - აცხადებენ სამინისტროში. სკოლებში ჭადრაკის სწავლება გათვალისწინებულია ევროკავშირის 2012 წლის დეკლარაციით, რომელიც საგანმანათლებლო სისტემებში ჭადრაკის სწავლების დანერგვას ითვალისწინებს.  

სახელმწიფო, საპატრიარქოსა და რელიგიური ორგანიზაციებისთვის საჭადრაკო ტურნირს მართავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ახალი ინიციატივით, რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ჭადრაკში საქართველოს პირველი გუნდური ჩემპიონატი იმართება. უწყებაში განმარტავენ, რომ მათი ინიციატივის საფუძველი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება გახდა, რაც მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილების შემოღებას გულისხმობს. რელიგიის სააგენტომ, ინტერრელიგიურ სათათბიროსთან შეთანხმებით, მხარი დაუჭირა სამინისტროს გადაწყვეტილებას და წინადადებით მიმართა საქართველოში რეგისტრირებულ რელიგიური ორგანიზაციებს, სურვილისამებრ ჩართულიყვნენ ინტელექტუალურ ტურნირში. ასევე, ორგანიზაციულ პროცესში ჩართვის წინადადებით სააგენტომ მიმართა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას. რელიგიურმა ორგანიზაციებმა: საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, მუსლიმთა სამმართველომ, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციამ, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერულმა ეკლესიამ, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ, საქართველოს ებრაელთა კავშირმა, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტურმა ეკლესიამ, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა და ეზიდთა სასულიერო საბჭომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს რელიგიის სააგენტოს ინიციატივას და მონაწილე გუნდების სია წარმოადგინეს. „16-17 ივნისს, 16.00 საათზე, ჭადრაკის სასახლეში (მისამართი: თბილისი, კოსტავას ქუჩა 37ა) გაიმართება საქართველოს პირველი ინტერრელიგიური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც სწრაფი ჭადრაკის ფორმატში (15 წთ. – 10 წმ-ის დამატებით) ჩატარდება. მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სასულიერო პირებს, ასევე, მრევლს (კონკრეტული კონფესიის წარმომადგენელს). ტურნირი დასრულდება დაჯილდოების ცერემონიით. ღონისძიების ორგანიზატორია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგეები ბოლო ტურში - 3:1 დაამარცხეს

ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგეები ბოლო ტურში დიდი ანგარიშით - 3:1 დაამარცხეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქართველმა მოჭადრაკეებმა უკრაინის გუნდთან ერთად I-II ადგილები გაინაწილეს. "ჩვენმა ქალებმა ოლიმპიადის მონაწილეებმა ბოლო ტურში დიდი ანგარიშით - 3:1 დაამარცხეს აზერბაიჯანელი მოჭადრაკეები და უკრაინის გუნდთან ერთად I-II ადგილები გაინაწილეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია, ჩვენს საამაყო ქალბატონებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია, - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს  44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორობას ულოცავს. ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგეები ბოლო ტურში - 3:1 დაამარცხეს პრემიერი მოჭადრაკეებს შემდგომ წარმატებებს უსურვებს. „საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია! ინდოეთის ქალაქ ჩენაიში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ვულოცავ ჩვენს საამაყო ქალბატონებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ“, – ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.  

ნონა გაფრინდაშვილი ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონი მერვედ გახდა

ნონა გაფრინდაშვილი იტალიაში მიმდინარე სენიორ-მოჭადრაკეთა (+65) მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ამ ტიტულს უკვე მერვედ დაეუფლა. ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია, რომელმაც თერთმეტ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი ხუთჯერ მოიპოვა.  

2023-2024 სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილები მე-2 კლასის მოსწავლეებისთვისაც სავალდებულო გახდება

2023-2024 სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილები პირველკლასელების მსგავსად, მე-2 კლასის მოსწავლეებისთვისაც სავალდებულო გახდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, მე-2 კლასის მოსწავლეებს ჭადრაკის გაკვეთილები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ საჯარო სკოლებში ჩაუტარდებათ. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, პირველად, პირველკლასელთათვის ჭადრაკის სავალდებულო საგნად შესწავლა 2022-2023 სასწავლო წელს გახდა შესაძლებელი. შესაბამისი გადაწყვეტილება მაშინდელმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო. 2023-2024 სასწავლო წელს კი ეს პროგრამა ფართოვდება და ჭადრაკს მე-2 კლასელებიც სავალდებულო საგნად შეისწავლიან.  

პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, „მსოფლიოს საჭადრაკო ისტორიაში ეპოქის შემქმნელი, მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოში საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და საქართველოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და უნიკალური სპორტული მიღწევებისათვის, თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა.“ დაჯილდოების ცერემონია დღეს ჭადრაკის სასახლეში, ნონა გაფრინდაშვილის მსოფლიო ტურნეს „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“ წარდგენაზე გაიმართა, სადაც სახელმწიფო ჯილდო მოჭადრაკეს პრეზიდენტმა პირადად გადასცა. „ქალბატონო ნონა, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ აქ მომიწვიეთ სწორედ დღეს, როცა თქვენი ახალი მსოფლიო ტურნე იწყება. ძალიან სასიხარულოა, რომ სულ სიახლეებში ხართ და ეს ალბათ, თქვენი ერთ-ერთი მუდმივი ნიშანია, რომ სულ რაღაც ახლის დაწყება გიწევთ და ამისათვის ყოველთვის გქონდათ და დღესაც გაქვთ ენერგია და მზაობა. მინდა მოგილოცოთ ეს დღე. უკვე დიდი ხანია ვეძებდით მომენტს, როცა საშუალება მოგვეცემოდა თქვენთვის ეს ორდენი გადმოგვეცა და მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით. მეც ვღელავ, რადგან თითქმის ყველა ორდენი გაქვთ მიღებული, ამიტომ ძალიან ძნელია ახლის მოფიქრება, მაგრამ ერთი ორდენი არ გქონდათ და მე მგონი, ძალიან სწორი არჩევანი გაკეთდა, რომ დღეს დამეჯილდოვებინეთ იმ დედოფლის ორდენით, რომელიც მეფეებზე მაგარი იყო-ანუ, თამარ მეფის ორდენით. ეს ორდენი არ არის თქვენი სპორტული გამარჯვების აღმნიშვნელი ჯილდო, ეს უფრო იმას აღნიშნავს, თუ რას წარმოადგენთ თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის. ქალბატონო ნონა, თქვენ ყველა ასაკისთვის და მით უფრო ახალგაზრდებისთვის უდიდეს მაგალითს წარმოადგენთ. მაგალითს იმისას, რომ ცხოვრებაში სულ მუდამ უნდა ეძებდე უფრო და უფრო დიდ წარმატებას. მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა წარმოადგინო შენი ქვეყანა გარეთ და ქვეყნის შიგნით მე ვიტყოდი, თქვენ ხართ ერთადერთი ადამიანი, რომელზეც ყველა თანხმდება. ანუ თუ ჩვენში კიდევ არსებობს ეროვნული თანხმობის რაღაც ნიშნები, რაზეც ჩვენ შეიძლება მომავლისათვის იმედი დავამყაროთ, ეს თქვენ ხართ. მე მგონი, რომ თქვენს ირგვლივ ვერ იქნება ვერანაირი პოლარიზაცია. თქვენში ჩვენ ყველა ჩვენს თავს ვხედავთ, ვხედავთ იმ წარმატებულ და ძლიერ საქართველოს, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ გარეთ და შიგნით. დარწმუნებული ვარ, რომ ის ტური, რომელიც ახლა იწყება, სწორედ ამ ნიშნითაცაა გამორჩეული, რომ თქვენ გარეთ გაიტანოთ არა თქვენი თავი, (ვიცი რომ, თქვენი თავმდაბლობა ამას ვერ აიტანდა) არამედ საქართველოს ის სახე, რომელსაც ჩვენ ყველა პატივს ვცემთ და რომელსაც ქვეყნის გარედანაც პატივი უნდა სცენ. ძალიან დიდი მადლობა თქვენი ღვაწლისთვის და მიიღეთ ჩემი პატივისცემა,” - განაცხადა პრეზიდენტმა.