რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ახალი ინიციატივით, რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ჭადრაკში საქართველოს პირველი გუნდური ჩემპიონატი იმართება.
უწყებაში განმარტავენ, რომ მათი ინიციატივის საფუძველი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება გახდა, რაც მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილების შემოღებას გულისხმობს.
რელიგიის სააგენტომ, ინტერრელიგიურ სათათბიროსთან შეთანხმებით, მხარი დაუჭირა სამინისტროს გადაწყვეტილებას და წინადადებით მიმართა საქართველოში რეგისტრირებულ რელიგიური ორგანიზაციებს, სურვილისამებრ ჩართულიყვნენ ინტელექტუალურ ტურნირში. ასევე, ორგანიზაციულ პროცესში ჩართვის წინადადებით სააგენტომ მიმართა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას.
რელიგიურმა ორგანიზაციებმა: საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, მუსლიმთა სამმართველომ, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციამ, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერულმა ეკლესიამ, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ, საქართველოს ებრაელთა კავშირმა, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტურმა ეკლესიამ, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა და ეზიდთა სასულიერო საბჭომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს რელიგიის სააგენტოს ინიციატივას და მონაწილე გუნდების სია წარმოადგინეს.
„16-17 ივნისს, 16.00 საათზე, ჭადრაკის სასახლეში (მისამართი: თბილისი, კოსტავას ქუჩა 37ა) გაიმართება საქართველოს პირველი ინტერრელიგიური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც სწრაფი ჭადრაკის ფორმატში (15 წთ. – 10 წმ-ის დამატებით) ჩატარდება. მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სასულიერო პირებს, ასევე, მრევლს (კონკრეტული კონფესიის წარმომადგენელს). ტურნირი დასრულდება დაჯილდოების ცერემონიით. ღონისძიების ორგანიზატორია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.