თეგი: ხელშეკრულება

Fit for Partnership-ის პროგრამით გერმანიაში 20-ზე მეტი მეწარმე გაემგზავრება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და გერმანიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუმბერტ ქნირშმა მენეჯერთა საკვალიფიკაციო პროგრამის Fit for Partnership დაწყების თაობაზე თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, სასწავლო პროგრამა Fit for Partnership საქართველოში გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატზე ზემოქმედების ფედერალურ სამინისტროსა (BMWK) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის მიერ არის ორგანიზებული და 2016 წლიდან ხორციელდება. პროგრამა ორიენტირებულია საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარებაზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების კონტექსტში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის ჩათვლით. მასში უკვე 150-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წლევანდელი პროგრამის ფარგლებში კი გერმანიაში 20-ზე მეტი ქართველი მეწარმე გაემგზავრება.როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, გერმანია წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია. პროგრამა Fit for Partnership კი ადგილობრივი მეწარმეებისთვის არის შესაძლებლობა, თავიანთი პროდუქცია ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე შეიტანონ. ამასთან, პროგრამის წყალობით, ქართულ ბიზნესს შესაძლებლობა ეძლევა, გერმანულ კომპანიებთან საქმიანი კავშირები და გრძელვადიანი პარტნიორობა დაამყაროს, გაეცნოს გერმანული ბიზნესის საუკეთესო პრაქტიკებს.„გერმანული ბიზნეს კულტურის გაცნობა და ასევე, საერთაშორისო საქმიანი ურთიერთობებისა და მოლაპარაკების უნარების განვითარება უმნიშვნელოვანესია ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა პროგრამის ფარგლებში, რაც მეტად შეუწყობს ხელს ქართულ და გერმანულ კომპანიებს შორის საქმიანი კავშირების განმტკიცებას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.მისივე თქმით, საქართველოს ევროპული სწრაფვისა და ინტეგრაციის გზაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ჩვენი მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია.„წლების განმავლობაში გერმანიას უკავია წამყვანი პოზიცია საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს შორის განვითარების თანამშრომლობის კუთხით და უდიდესი როლი ითამაშა ქვეყნის ინსტიტუციურ მშენებლობაში, რისთვისაც მადლიერები ვართ გერმანიის სახელმწიფოსი“, - განაცხადა გენადი არველაძემ.  

თურქეთი თურქმენეთთან სავაჭრო ბრუნვის $10 მილიარდამდე გაზრდას გეგმავს

თურქმენეთში თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ფუატ ოქტაის ვიზიტისას ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი შეთანხმებები გაფორმდა. ვიცე-პრეზიდენტი ოქტაი და თანმხლები დელეგაცია თურქმენეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ბატირ ატდაევს თურქმენეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეხვდნენ. შეხვედრაზე ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და განათლების საკითხები განიხილეს. შეხვედრის დასასრულს კი ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ადგილობრივი პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში, ოქტაიმ განაცხადა: „ჩვენი ურთიერთობა აქამდე კარგი იყო, მაგრამ ამიერიდან ის კვლავაც გაგრძელდება. ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკურ, სავაჭრო, სატრანსპორტო, კულტურულ და სოციალურ სფეროებში კიდევ უფრო გაიზრდება“. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მხარეებმა ხელი მოაწერეს 72 პუნქტიან შეთანხმებას სხვადასხვა მიმართულებით: „ეს არის საგზაო რუკა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, განვახორციელოთ ჩვენი მიზანი და $5 მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა  $10 მილიარდის მოცულობამდე გავზარდოთ“, - განაცხადა ოქტაიმ.  

საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი, ევროკავშირში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეთანხმებას ხელს მოაწერენ - ლევან დავითაშვილი

საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთის და რუმინეთის წარმომადგენლები ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეთანხმებას მალე მიაღწევენ. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.  „უახლოეს მომავალში მიღწეული იქნება შეთანხმება საქართველოს, რუმინეთს, უნგრეთსა და აზერბაიჯანს შორის, რათა ოთხივე ქვეყანამ ერთდროულად განახორციელოს ეს პროექტი, რადგან ეს არის რამდენიმე მილიარდი ინვესტიცია და ამავდროულად საშუალებას მისცემს საქართველოს, ევროკავშირის ენერგეტიკულ სტრუქტურებს პირდაპირ დაუკავშირდეს“, - განაცხადა დავითაშვილმა.  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გასულ კვირას საქართველოში სამუშაო ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ბაქო, საქართველოს გავლით საერთაშორისო ბაზრებზე 157 გეგავატი ელექტროენერგიის მიწოდებას აპირებს.  ერთი კვირით ადრე თბილისს აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი ეწვია. დავითაშვილთან შეხვედრაზე მან განიხილა შავი ზღვის ქვეშ ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანის შესაძლებლობა. პროექტი, რომელსაც საქართველო და აზერბაიჯანი, რუმინეთისა და უნგრეთის მონაწილეობით განახორციელებს.  ერთი დღით ადრე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ბუდაპეშტში ირაკლი ღარიბაშვილთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ უნგრეთს სჭირდება ელექტროენერგიის შეძენა აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით.  

მედია: ევროპოლისა და ისრაელის პოლიციის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, შესაძლოა, ჩაიშალოს

ევროკავშირისა (ევროპოლი) და ისრაელის პოლიციის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომლის მომზადებასაც 5 წელი დასჭირდა, შესაძლოა, ჩაიშალოს.  ამის მიზეზია, იუდეასა და სამარიას წინააღმდეგობა, რაც მხარეებს შორის მონაცემთა გაცვლას უკავშირდება. ამის შესახებ Haaretz იტყობინება. ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ უნდა განაახლოს მოლაპარაკებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეთანხმების შეუსაბამობის გასარკვევად. რამაც შესაძლოა, ევროკომისიასა და ისრაელის ახალ მთავრობაში ულტრამემარჯვენე ელემენტებს შორის განხეთქილება გამოიწვიოს. ცნობილია, რომ 2018 წელს ისრაელმა ევროპოლთან ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, სამუშაო შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმების გაფართოებაზე, მახარეები 2022 წლის სექტემბერში შეთანხმდნენ, თუმცა დოკუმენტი ჯერ არ არის ხელმოწერილი და რატიფიცირებული.  ამ შეთანხმების რატიფიცირების შედეგად, ინფორმაციის გაცვლა რასის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებების და თუნდაც სექსუალური ორიენტაციის შესახებ შესაძლებელი გახდება, რას სამართალდამცველებს „სერიოზულ დანაშაულთან და ტერორიზმთან" ბრძოლაში დაეხმარებათ.  ისრაელის წარმომადგენელი ევროკავშირში, ჩაიმ რეგევი, მხარეებს შორის სექტემბრში მიღწეულ შეთანხმებას, როგორც „საეტაპოს“ მიესალმა, „მაგრამ ევროსაბჭოს იურიდიული სამსახურის იურიდიული მოსაზრება და წევრი ქვეყნების მზარდი წინააღმდეგობა, საბოლოო შეთანხმებას სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოს ხდის“,- წერს მედია. შვედი ევროპარლამენტარი ევინ ინსირი ამტკიცებს, რომ 27 წევრი ქვეყნიდან მინიმუმ 13-ს მისი მონაცემების (სავარაუდოდ, ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე) გამოყენებაზე „მკაცრი რეაქცია“ ჰქონდა.   ევროკავშირის კომისიის სამართალდამცავი თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, რობ როზენბურგმა განაცხადა, რომ ისრაელის ელჩს ევროკავშირში გაეგზავნა წერილი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის დასაწყებად, მაგრამ ახალი მთავრობის წარმომადგენლები შესაძლოა, ნაკლებად კეთილგანწყობილი იყვნენ, ვიდრე მათი წინამორბედები.  

საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ განახლებული შეთანხმება ძალაშია

ძალაში შევიდა „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, განახლებულ შეთანხმებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მარიუს მაშკიევიჩმა 2021 წლის 7 ივლისს მოაწერეს ხელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა შეთანხმებამ ჩაანაცვლა საქართველოსა და პოლონეთს შორის 2006 წელს დადებული შეთანხმება. ახალი დოკუმენტი ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განახლებულ 2017 წლის მოდელს და ასახავს დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტით დადგენილ სტანდარტებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ახალ შეთანხმებაში შემცირდა დივიდენდის, პროცენტისა და როიალტის წყაროსთან დაბეგვრის განაკვეთები და ნაცვლად ძველი შეთანხმებით გათვალისწინებული 10%-ისა, განისაზღვრა 5%-ით. შეთანხმების მიზანია ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას. ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება ძალაშია 57 ქვეყანასთან.