საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთის და რუმინეთის წარმომადგენლები ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეთანხმებას მალე მიაღწევენ.
ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„უახლოეს მომავალში მიღწეული იქნება შეთანხმება საქართველოს, რუმინეთს, უნგრეთსა და აზერბაიჯანს შორის, რათა ოთხივე ქვეყანამ ერთდროულად განახორციელოს ეს პროექტი, რადგან ეს არის რამდენიმე მილიარდი ინვესტიცია და ამავდროულად საშუალებას მისცემს საქართველოს, ევროკავშირის ენერგეტიკულ სტრუქტურებს პირდაპირ დაუკავშირდეს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გასულ კვირას საქართველოში სამუშაო ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ბაქო, საქართველოს გავლით საერთაშორისო ბაზრებზე 157 გეგავატი ელექტროენერგიის მიწოდებას აპირებს.
ერთი კვირით ადრე თბილისს აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი ეწვია. დავითაშვილთან შეხვედრაზე მან განიხილა შავი ზღვის ქვეშ ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანის შესაძლებლობა. პროექტი, რომელსაც საქართველო და აზერბაიჯანი, რუმინეთისა და უნგრეთის მონაწილეობით განახორციელებს.
ერთი დღით ადრე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ბუდაპეშტში ირაკლი ღარიბაშვილთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ უნგრეთს სჭირდება ელექტროენერგიის შეძენა აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით.