ძალაში შევიდა „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, განახლებულ შეთანხმებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მარიუს მაშკიევიჩმა 2021 წლის 7 ივლისს მოაწერეს ხელი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა შეთანხმებამ ჩაანაცვლა საქართველოსა და პოლონეთს შორის 2006 წელს დადებული შეთანხმება.
ახალი დოკუმენტი ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განახლებულ 2017 წლის მოდელს და ასახავს დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტით დადგენილ სტანდარტებს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ახალ შეთანხმებაში შემცირდა დივიდენდის, პროცენტისა და როიალტის წყაროსთან დაბეგვრის განაკვეთები და ნაცვლად ძველი შეთანხმებით გათვალისწინებული 10%-ისა, განისაზღვრა 5%-ით.
შეთანხმების მიზანია ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.
ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება ძალაშია 57 ქვეყანასთან.