„რუსეთის არაპროგნოზირებადი და აგრესიული ქმედებები, უკრაინაში განვითარებული მოვლენები და თურქეთის საკითხი“, - ეს ის თემებია, რომლებზეც ყურადღების გამახვილებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა NATO-ს მომდევნო სამიტის დროს ელის. ამერიკელი დიპლომატი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ თურქეთთან დაკავშირებით საინტერესო განხილვებს ელის.
„საინტერესო განხილვებს ველოდები თურქეთის ჩართულობით, რომელიც შეიარაღებული ძალების სიდიდით, მეორე ადგილზეა და რომელიც ალიანსის ბევრი წევრის მიერ აღიქმება პრობლემატურად ბოლო წლებში მისი კურსის გამო, როდესაც საბერძნეთის გადმოსახედიდან, თურქეთი მას დაუპირისპირდა.
საერთო ჯამში, ვიცი, რომ NATO აცნობიერებს, სტრატეგიულად რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის თურქეთი, თუმცა ვფიქრობ სამიტზე არასასიამოვნო საუბრებიც იქნება თურქეთთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან.
თურქეთ–საბერძნეთის უთანხმოებაზე საუბრისას, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 4 ივნისს განაცხადა, რომ NATO-მ შექმნა სპეციალური მექანიზმი, რომელიც „უზრუნველყოფს მხარეებს შორის კომუნიკაციას ინციდენტებისგან თავის დასაცავად და ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, როგორ პასუხობს NATO მოკავშირეებს შორის განსხვავებულ პოზიციებს“.
„NATO დაფუძნებულია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ინდივიდუალური თავისუფლება. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ ღირებულებებს და მე ვიცი, რომ მოკავშირეებიც იგივეს აკეთებენ. მოკავშირეებმა შეშფოთება გამოთქვეს და ეს არის საკითხი, რომელიც რამდენჯერმე განვიხილეთ ალიანსში. ვფიქრობ, NATO ასევე არის ღია განხილვებისთვის პლატფორმა.
ჩვენ ერთი მაგიდის ირგვლივ ვმსჯელობთ და გულწრფელად გამოვხატავთ ჩვენს ხედვებსა და შეშფოთებებს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ თურქეთი არის ალიანსის მნიშვნელოვანი მოკავშირე. თუ შეხედავთ რუკას, მკაფიოდ გააცნობიერებთ ამას.
ის არის ერთადერთი ქვეყანა და NATO–ს ერთადერთი მოკავშირე, რომელიც ესაზღვრება ერაყსა და სირიას. თურქეთის ინფრასრტრუქტურა, აეროპორტები უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ (დაეში) ბრძოლაში და თურქეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გლობალურ კოალიციაში ჩართულობით მის დამარცხებაში. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ ალიანსის მოკავშირე თურქეთთან ახლო თანამშრომლობას, რათა სტაბილურობა იყოს ჩვენს სამხრეთ სამეზობლოში.
თურქეთს ასევე აქვს მნიშვნელოვანი როლი მიგრანტთა კრიზისში. ასე რომ, არსებობს განსხვავებები და უთანხმოებები, თუმცა როგორც აღვნიშნე NATO ასეთი საკითხების განხილვის და კონსულტაციებისთვის პლატფორმაც გახლავთ, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რითაც შეგვიძლია, რომ წავიდეთ წინ“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
თურქეთი აცხადებს, რომ ენერგომატარებლების სამძებრო სამუშაოებს ატარებს შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაში, სადავო წყლებში მისი საქმიანობა საბერძნეთის პროტესტს იწვევს. თურქეთმა სამუშაო ჩაატარა შავი ზღვის შელფზე მდებარე საბადოზე, რომელსაც საბერძნეთი ეკონომიკური ზონის გამორჩეულ ნაწილად მიიჩნევს.