„საქართველოს ლიდერებმა უნდა იზრუნონ თავისი ამბიციების მიღწევაზე, მაგრამ ასევე უნდა შეინარჩუნონ რეალისტური მოლოდინები, რადგან ხალხი იმედგაცრუებული არ დარჩეს, თუ არ მიიღებს კონკრეტულ შეტყობინებას 2024 წლისთვის“, - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, ესტონელი ევროპარლამენტარი („სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.
„მე ძალიან მჯერა ღია კარის პოლიტიკის. მტკიცედ მჯერა, რომ თითოეულ ერს უნდა ჰქონდეს უფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი და ის თუ რომელ ორგანიზაციებში სურთ ყოფნა. და ისევ, ესტონეთის მაგალითს დავუბრუნდები, მერწმუნეთ, ჩვენ ეს 90 - იანი წლების დასაწყისში გამოვიარეთ, როდესაც ევროკავშირსა და NATO-ში არავინ გველოდა. მაგრამ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენ ვატარებდით ჩვენს რეფორმებს, ვცდილობდით მაქსიმალურად დაახლოებას, ამიტომ ველოდებოდით შესაძლებლობის ფანჯარას და როდესაც კარი გაიღო, ძალიან ბედნიერები ვიყავით, რომ ამ უპირატესობით საუკეთესოდ ვისარგებლეთ.
ასე რომ, ჩემი გზავნილია: არ დანებდეთ მიზნისკენ სწრაფვაში, რომ გახდეთ ევროკავშირის და NATO-ს წევრი, იყავით მზად, გააგრძელოთ რეფორმები, მაგრამ ამავე დროს, მე გთხოვთ, იყოთ რეალისტები. მე ვერ ვხედავ კონსენსუსს ევროკავშირში ან NATO-ში. წევრობა პოლიტიკური კონსენსუსია, მე ვერ ვხედავ კონსენსუსს ევროპარლამენტის პოლიტიკურ პარტიებში.
მე ვერ ვხედავ კონსენსუსს წევრ ქვეყნებს შორის, განსხვავებული მოსაზრებებია, ბრიუსელში ზოგიერთი ქვეყანა ისევ ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოება 2004 წელს შეცდომა იყო. ამდენად, განსხვავებული მოსაზრება არსებობს.
თქვენ უნდა იყოთ მიმართული სკეპტიკოსების დარწმუნებისკენ, რომ იმსახურებთ მომავლის საკითხის გადაწყვეტას და იმსახურებთ პოლიტიკური კონსენსუსის გადაწყვეტას. იქნება ეს 2024 წელს? არ მსურს სპეკულაცია და პროგნოზირება, მაგრამ პირადად მე ასე არ ვფიქრობ, რადგან ვსაუბრობ იმ რეალობაზე, რომელიც დღეს გვაქვს. თუ ეს მოხდება, პირველი ვიქნები, ვინც ევროკავშირის წევრს მოგესალმებით და ძალიან ბედნიერი ვიქნები, მერწმუნეთ.
მაგრამ ასევე გვინდა, ვიყოთ რეალისტები და გულწრფელები არსებული ვითარების მიმართ. ამიტომ ვამბობდი, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ლიდერებმა უნდა იზრუნონ თავისი ამბიციების მიღწევაზე, მაგრამ ასევე უნდა შეინარჩუნონ რეალისტური მოლოდინები, რადგან ხალხი იმედგაცრუებული არ დარჩეს, თუ არ მიიღებს კონკრეტულ შეტყობინებას 2024 წლისთვის. ხალხი გაიაზრებს, რომ ეს არის პროცესი და ერთ დღესაც გაიხსნება ფანჯარა, არ ვიცი როდის, მაგრამ რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიმუშაოთ ქართველი ხალხისთვის“, - განუცხადა ევროპარლამენტარმა Europetime-ს.
მარინა კალიურანდი: ჩემი გზავნილია, გააგრძელეთ სწრაფვა მიზნისკენ, გახდეთ ევროკავშირის და NATO-ს წევრი