საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის და NATO-ს უახლოესი სამიტების მოლოდინშია. ქვეყანას სამიტებისთვის მზადება მოუწია პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რაც ევროკავშირის შუამავლობით და ჩართულობით გადაიჭრა. ახლა ქვეყნის ყველა პარტნიორი შარლ მიშელის დოკუმენტის სრულად განხორციელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აღნიშნავენ, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის განმტკიცებისთვის. მათ შორის არის ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, რომელიც Europe Time-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ თითოეულ ერს უნდა ჰქონდეს უფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი და ის თუ, რომელ ორგანიზაციაში სურს გაწევრიანება.
მარინა კალიურანდი იხსენებს ესტონეთის მაგალითს, როდესაც არავინ ელოდა ევროკავშირსა და NATO-ში, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს: „ჩვენ გავატარეთ რეფორმები, ჩვენ ველოდებოდით შესაძლებლობის ფანჯარას და ერთხელაც ეს კარი გაიღო და ვიყავით ძალიან ბედნიერები, რომ ეს შანსი გამოვიყენეთ“.
მარინა კალიურანდი არის ესტონელი პოლიტიკოსი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი (2015-2016) ეკავა, მანამდე იყო ელჩი როგორც რუსეთში (2007-2011), ასევე აშშ-ში (2011–2014). Europe Time მასთან ინტერვიუს გთავაზობთ.
_როგორ შეაფასებდით დღეს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს?
პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში რა თქმა უნდა ჰქონდა გარკვეული გავლენა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე, მაგრამ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პოლიტიკურ განვითარებას საქართველოში. შემოდგომაზე, ჩვენ ვიქნებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე და პროცესებს უფრო დეტალურად გავეცნობით.
_როგორც ცნობილია, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ასოცირების ტრიოს მემორანდუმი გააფორმეს, როგორ უყურებთ სამი ქვეყნის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს?
ყველა გზა, ყველა მეთოდი უნდა სცადოთ, თუ თქვენი მიზანია ევროკავშირთან უფრო დაახლოება. ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ძალიან კარგი ნიშანია, მაგრამ თქვენ ასევე უნდა განაგრძოთ ორმხრივი ძალისხმევა. მე ამას გირჩევდით. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია დემოკრატიული რეფორმები. ასე რომ, ჩემი რჩევა იქნება ყველა ფორმატს მიაქციოთ ყურადღება, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობას, „ტრიოს“ ფორმატს და ორმხრივ ურთიერთობებს.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ახალ ფორმატებზე, მე ვფიქრობ ახლო ინტეგრაციაზე სხვადასხვა პოლიტიკის, მე მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ბატონ კახა კუჭავასთან, რომელმაც მითხრა, რომ საქართველოს მომავალი შესაბამისობაშია იმ პროექტებთან, რომელიც არსებობს ევროკავშირში, მაგალითად, „მწვანე შეთანხმება“, დიჯიტალიზაცია, ეკონომიკური რეფორმები. ასე რომ, თქვენ მაქსიმალურად ცდილობთ ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოებას.
მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ჭკვიანური მიდგომაა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად, თავიდანვე ვავითარებთ ახალ მიდგომებს და ვფიქრობ, მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია ამ ეტაპზე. ასე რომ, საქართველოს ეკონომიკური სტატუსი უნდა იყოს ისეთი, როგორიც გვაქვს ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ისლანდიაში. ასე რომ, სხვადასხვა პოლიტიკის, ფორმატის დარეგულირება ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
_რას არის ის ძირითადი საფუძველი და იდეა, რომელსაც ტრიოს ახალი გზა უნდა ემყარებოდეს?
თქვენს შორის უნდა არსებობდეს შეთანხმება, მაგრამ მე ვერ ვხედავ უფრო მჭიდრო ინტეგრაციის შესაძლებლობას დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების გარეშე. საერთაშორისო საზოგადოება და ევროკავშირი აკვირდებიან მართლმსაჯულების რეფორმას საქართველოში, საკონსტიტუციო რეფორმას, საარჩევნო რეფორმას.
ბევრი რეფორმაა, სადაც ეს სამი ქვეყანა განსხვავებულ დონეზე იმყოფება. შეიძლება, უკეთესიც იყოს თქვენი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ინფორმაციის გაცვლა და ამ დონეზე თანამშრომლობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ევროკავშირის გადმოსახედიდან, ჩვენ დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებას მოვითხოვთ.
როდესაც ესტონეთი ევროკავშირისკენ ისწრაფვოდა, დიდი ხნის განმავლობაში ყველა ამ რეფორმას ვატარებდით გაწევრიანებისთვის. ჩვენ ამას ევროკავშირისთვის არ ვაკეთებდით. ჩვენ ამას ვაკეთებდით ჩვენი ხალხისთვის. ამიტომ, ამ რეფორმებისკენ მე მოვუწოდებ არა იმიტომ, რომ ევროკავშირი ამას მოითხოვს ან ევროკავშირს ეს სურს, არამედ იმიტომ, რომ ხალხს ეს სურს და მათ ნათლად თქვეს, რომ სურთ იცხოვრონ ევროკავშირის საზოგადოებაში, მათ სურთ, იყვნენ ევროკავშირის წევრები, მისი ნაწილი. ამრიგად, რეფორმების გაგრძელებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ ევროკავშირის, არამედ თქვენი ხალხისთვის.
_გაწევრიანების პერსპექტივას როგორ უყურებთ, იმ კომენტარის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირში ამაზე კონსენსუსი არ არის?
მე ძალიან მჯერა ღია კარის პოლიტიკის. მტკიცედ მჯერა, რომ თითოეულ ერს უნდა ჰქონდეს უფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი და ის თუ რომელ ორგანიზაციებში სურთ ყოფნა. და ისევ, ესტონეთის მაგალითს დავუბრუნდები, მერწმუნეთ, ჩვენ ეს 90 - იანი წლების დასაწყისში გამოვიარეთ, როდესაც ევროკავშირსა და NATO-ში არავინ გველოდა. მაგრამ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენ ვატარებდით ჩვენს რეფორმებს, ვცდილობდით მაქსიმალურად დაახლოებას, ამიტომ ველოდებოდით შესაძლებლობის ფანჯარას და როდესაც კარი გაიღო, ძალიან ბედნიერები ვიყავით, რომ ამ უპირატესობით საუკეთესოდ ვისარგებლეთ.
ასე რომ, ჩემი გზავნილია: არ დანებდეთ მიზნისკენ სწრაფვაში, რომ გახდეთ ევროკავშირის და NATO-ს წევრი, იყავით მზად, გააგრძელოთ რეფორმები, მაგრამ ამავე დროს, მე გთხოვთ, იყოთ რეალისტები. მე ვერ ვხედავ კონსენსუსს ევროკავშირში ან NATO-ში. წევრობა პოლიტიკური კონსენსუსია, მე ვერ ვხედავ კონსენსუსს ევროპარლამენტის პოლიტიკურ პარტიებში. მე ვერ ვხედავ კონსენსუსს წევრ ქვეყნებს შორის, განსხვავებული მოსაზრებებია, ბრიუსელში ზოგიერთი ქვეყანა ისევ ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოება 2004 წელს შეცდომა იყო. ამდენად, განსხვავებული მოსაზრება არსებობს.
_კონსენსუსის არარსებობაზე „დაბრკოლება“ როგორ უნდა გადაილახოს?
თქვენ უნდა იყოთ მიმართული სკეპტიკოსების დარწმუნებისკენ, რომ იმსახურებთ მომავლის საკითხის გადაწყვეტას და იმსახურებთ პოლიტიკური კონსენსუსის გადაწყვეტას. იქნება ეს 2024 წელს? არ მსურს სპეკულაცია და პროგნოზირება, მაგრამ პირადად მე ასე არ ვფიქრობ, რადგან ვსაუბრობ იმ რეალობაზე, რომელიც დღეს გვაქვს. თუ ეს მოხდება, პირველი ვიქნები, ვინც ევროკავშირის წევრს მოგესალმებით და ძალიან ბედნიერი ვიქნები, მერწმუნეთ.
მაგრამ ასევე გვინდა, ვიყოთ რეალისტები და გულწრფელები არსებული ვითარების მიმართ. ამიტომ ვამბობდი, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ლიდერებმა უნდა იზრუნონ თავისი ამბიციების მიღწევაზე, მაგრამ ასევე უნდა შეინარჩუნონ რეალისტური მოლოდინები, რადგან ხალხი იმედგაცრუებული არ დარჩეს, თუ არ მიიღებს კონკრეტულ შეტყობინებას 2024 წლისთვის. ხალხი გაიაზრებს, რომ ეს არის პროცესი და ერთ დღესაც გაიხსნება ფანჯარა, არ ვიცი როდის, მაგრამ რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიმუშაოთ ქართველი ხალხისთვის.
_შესაძლოა, შემდგომმა სამმა წელმა არსებული ვითარება შეცვალოს, საკმაოდ დიდი დროა...
დიახ, გეთანხმებით და ამიტომ არ ვსპეკულირებ. მე ვსაუბრობ იმ ცოდნაზე დაყრდნობით, რომელიც მაქვს. მე დიპლომატი ვარ, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ზუსტად ვიცი, როგორ მიიღება ასეთი გადაწყვეტილებები, ამიტომ ვცდილობ, ვიყო რეალისტი. თუმცა თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის. მუდმივად უნდა ცდილობდეთ მათ დარწმუნებას, ვინც ყოყმანობს. ეს არ არის ესტონეთი, ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს, მაგრამ ის ქვეყნები, რომლებიც ყოყმანობენ და ისინი არიან ევროკავშირის დიდი ქვეყნები, რომლებიც დღეს გაწევრიანებას არ ემხრობიან.
გახსოვდეთ, რაც პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა, გადახედეთ არჩევნებს გერმანიაში, ჯერ არ ვიცით შედეგი, პოლიტიკური ლანდშაფტი, რომელიც ამის შემდეგ იქნება. ეს ნიშნებია, რომელთა განხილვა სერიოზულად უნდა მოხდეს. თქვენ უნდა სცადოთ, ყველაფერი უნდა გააკეთოთ თქვენი ოცნების ასასრულებლად.
_ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ჰიბრიდული ომის წარმოებისთვის სხვადასხვა ხერხს იყენებს ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ. არსებობს რიგი ექსპერტების მოსაზრებები, რომ ევროკავშირს უფრო კონსტრუქციული მიდგომა აქვს. როგორ უყურებთ ამ ურთიერთობებს რუსეთის მხრიდან მზარდი აგრესიის ფონზე?
2008 წელს, როდესაც ომი დაიწყო, მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში (2007-2011) მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში 2007 წელს, როდესაც რუსეთმა კიბერშეტევა განახორციელა ჩემს ქვეყანაზე. ასე რომ, მე არ ვარ გულუბრყვილო რუსეთთან მიმართებით, არც ჰიბრიდულ გამოწვევებსა და საინფორმაციო ოპერაციებზე.
მე ეს პირადად წლების განმავლობაში განვიცადე, როგორც ესტონეთის ელჩმა რუსეთში. სხვათა შორის, როდესაც საქართველო რუსეთის ნომერ პირველი მტერი იყო და მე ესტონეთის ელჩი ვიყავი მოსკოვში, ჩემს საელჩოში მიგვქონდა ქართული ღვინო, ქართული ღვინო აკრძალული იყო მოსკოვში, ტალინის სუპერმარკეტიდან ჩამოვიტანეთ და ასე ვუმასპინძლდებოდით სტუმრებს. 2008 წელს მე ამას „ღვინის პატარა დიპლომატია“ ვუწოდე. რაც შეეხება ევროკავშირს, ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან დაბალ ნიშნულზეა, მაგრამ ამავე დროს, ის ძალიან გულწრფელი და ღიაა.
ჯოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტი და პრესკონფერენცია თვალის ახელა იყო დასავლეთის ბევრი ქვეყნისთვის, მათთვის ვისაც რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობა, ან ამის იმედი ჰქონდა. თუ გახსოვთ საშინელი პრესკონფერენცია, რომელზეც ლავროვმა ნათლად თქვა, რომ დასცინის და სერიოზულად არ უყურებს ევროკავშირს, ევროკავშირის მისწრაფებებს, ევროკავშირის ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას და ევროკავშირის პრინციპებს. ეს არის რეალობა და ვფიქრობ, უნდა გადაიხედოს რუსეთთან თანამშრომლობის პრინციპები, მაგრამ ძირითადი საფუძველი იგივე უნდა დარჩეს.
დიახ, ჩვენ რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ ზოგიერთ თემაზე, გარემოს დაცვა, ტერორიზმი, არის თემები, სადაც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. მეორე, ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალები იმ მოვლენებზე, რაც რუსეთში ხდება. ამიტომაც, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ევროკავშირი კვლავ გაერთიანებულია სანქციების ირგვლივ, რაც მოჰყვა როგორც ყირიმის საკითხს, ასევე ნავალნის დაპატიმრებას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რაც რუსეთში ხდება და რა არ მოგვწონს. ევროკავშირის საზოგადოებაში, ტალინში, რიგაში ან პარიზში ცხოვრება და ხედვა, როგორ ფუნქციონირებენ დემოკრატიული საზოგადოებები და რას ნიშნავს იყოს ევროკავშირის წევრი, ვფიქრობ, ეს არის ახალგაზრდა თაობის მომავალი.
ჩვენ, ესტონელებს იგივე მიზნები გვაქვს, ჩვენ ვიყავით რუსეთიდან კიბეროპერაციების სამიზნეები და აქ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა შეგვიძლია საქართველოსთან. ასე რომ, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს. 2008 წლის ომის დროს, მე ვიყავი კიბერსაკითხებში ექსპერტი და გვაქვს შემუშავებული თანამშრომლობის პროექტები, საქართველო ამ კუთხითაც ჩვენი პრიორიტეტია. ასე რომ, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა საქართველოს კარგი მეგობარია.
_NATO-ს სამიტამდე ორი კვირით ადრე, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საქართველოს?
ეს ძალიან კარგი კითხვაა, რადგან ყველას გვახსოვს ბუქარესტის სამიტი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო და უკრაინა უნდა გახდნენ NATO-ს წევრები და შემდეგი ნაბიჯები უნდა იყოს MAP-ი, რომელიც არ მიგიღიათ 13 წლის შემდეგაც. NATO-ს სამიტი ორ კვირაში ბრიუსელში იქნება. იგივეს ვიტყვი, რაც ევროკავშირთან დაკავშირებით ვთქვი, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი პოზიცია ალიანსიდან დადებითი სიგნალების, დადებითი პასუხების მისაღებად. ასე რომ, ეს არის მომავალი, რომელიც თქვენმა ხალხმა აირჩია. თქვენ, ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იმუშაოთ თქვენი ხალხისთვის და იმ ოცნებების ასრულებისთვის, რომლებიც თქვენმა ხალხმა გამოხატა. ასე რომ, თქვენ გაქვთ ბევრი მეგობრის მხარდაჭერა ევროკავშირსა და NATO-ში.