ბალტიის ზღვაში NATO-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები Baltic Operations-ი დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია აშშ-ს თავდაცვის მდივანზე ლოიდ ოსტინზე დაყრდნობით წერს.
როგორც მედია იტყობინება, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას იღებს NATO-ს 16 წევრისა და ალიანსის ორი პარტნიორი ქვეყნის 40 სამხედრო ხომალდი, 60 თვითმფრინავი და 4 000 სამხედრო მოსამსახურე.
სამხედრო წვრთნები დანიის სანაპიროსთან დაიწყო და 18 ივნისამდე სხვადასხვა ადგილას გაგრძელდება.
პროგრამა პირველად მოიცავს თავდაცვითი ტაქტიკის შემუშავებას კიბერშეტევებთან დაკავშირებით. დაგეგმილია სადესანტო ოპერაცია ლიეტუვის სანაპიროებთან.
სამხედრო წვრთნები ბალტიის რეგიონში 1972 წლიდან რეგულარულად ტარდება.