თეა წულუკიანი გიორგი გახარიაზე: ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, რა ჰქვია ამ საქციელს, თუ არა ღალატი, დაგვყარა და მიგვატოვა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი იზიარებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილის სულისკვეთებას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ღალატზე მიუთითებს. თეა წულუკიანის განცხადებით, თავად გახარიას გუნდის წევრები ავრცელებდნენ ხმებს, რომ მის პარტიას მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერის მხარდაჭერა აქვს და სწორედ ამიტომ იქამდე მივიდა ბიძინა ივანიშვილი, რომ გამოვიდა და თქვა, მისი სახელის გამოყენება მიუღებელია. ამის შესახებ წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდგომ ბრიფინგზე განაცხადა.

„ყველასთვის, არამარტო გუნდის წევრებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც გაუგებარი იყო გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, რომელიც უცებ, სიურპრიზად მიიღო და გადადგა. ხშირად ისიც გვსმენია, რომ ამ გაუგებარ ნაბიჯს საზოგადოება ხსნიდა იმით, რომ ალბათ ეს არის „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის პროექტი. სხვა მხრივ, ვერავინ ახსნა ის, თუ რატომ შეიძლებოდა, გუნდის ლიდერს ამგვარი, უეცარი გადაწყვეტილება მიეღო.

საქმე წავიდა ისე, რომ გუნდის წევრები თავად ავრცელებდნენ ხმებს, რომ ისინი იყვნენ მხარდაჭერილი ბიძინა ივანიშვილის მიერ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყოს სიცრუე, მაგრამ ამგვარმა ქმედებამ მიიყვანა ბიძინა ივანიშვილი იქამდე, რომ ეს პოლიტიკიდან წასული კაცი დღეს გამოდის და ამბობს, რომ მისი სახელის გამოყენება მიუღებელია. მართლაც, მისი სახელის გამოყენება ჩვენთვისაც დაუშვებელია, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ყოფილი პრემიერს, გუნდის ლიდერს, რომელთან დაკავირებითაც ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გადადგა, რაც იყო სრულიად აუხსნელი და საზოგადოებაც გვეკითხებოდა, რა მოხდა.

მოხდა ის, რომ ჩვენ ვისმენდით ნიკა მელიას ქმედებებთან დაკავშირებით გუნდის შიგნით ერთიან პოზიციას გიორგი გახარიასგან, რაც ჩვენ გვქონდა. სხვადასხვა ფორმატში მას ყოველთვის ეჭირა ის პოზიცია, რომელიც ემსახურებოდა კანონის და სამართლის უზენაესობას და ის ხანდახან, გამოირჩეოდა კიდეც ზოგიერთ შეხვედრებზე და ზოგიერთ ჩვენი გუნდის წევრს უმტკიცებდა, რომ რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული იყო, დაეცვა კანონი და ეს იყო რა თქმა უნდა, მართალი ამაში.

მაგრამ მან უცებ შეცვალა „ჩვენება“ და გაგვაოცა ყველა. როგორც ჩანს, მარტო ჩვენ არა და ბიძინა ივანიშვილი მის ამგვარ გასაოცარ საქციელს ღალატის ტოლფას ქმედებად აფასებს და რა ჰქვია ამ საქციელს, თუ არა ღალატი, იმედგაცრუება, ვინაიდან ძალიან სალაპარაკო ენაზე, რომ ვთქვა, მეც დამრჩა განცდა, რომ ლიდერმა უბრალოდ აიღო, დაგვყარა და მიგვატოვა მაშინ, როდესაც კანონი იყო დასაცავი. შესაბამისად, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, როდესაც გუნდისთვის რთული გადაწყვეტილებაა მისაღები, რაც არ უნდა ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო ერთადერთი და სწორი, მესმის, რომ მან ეს შეაფასა, როგორც რთული გადაწყვეტილება, ის ინდა იყოს გუნდის გვერდით, ამას ჰქვია ლიდერი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან როგორც ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა მიუთითა, რომ გიორგი გახარიას ქმედება იყო კანონის ღალატი.

ბიძინა ივანიშვილი გახარიას პარტიაზე განცხადებას ავრცელებს