ედგარს რინკევიჩსი: NATO-ს სამიტის დეკლარაციამ ნათლად უნდა დაადასტუროს, რომ ალიანსის კარი ღიაა გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, ქართველ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის საკითხები და NATO-ს მომავალი სამიტის სამზადისი განიხილეს. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

მისი თქმით, დეკლარაციაში ასახული იქნება NATO-ში გაწევრიანების სურვილის მქონე ქვეყნების მისწრაფებები, ასევე ლატვია მხარს დაუჭერს სამიტის შემდგომ NATO-საქართველოს კომისიის შეხვედრას „საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე განვიხილეთ NATO-ს მომავალი სამიტის თემა და საჭიროება, რომ NATO-ს სამიტის დეკლარაციაში იყოს ძალიან ნათელი დადასტურება მისა, რომ NATO-ს კარი ღიაა და რომ პრაქტიკული მხარდაჭერა ხორციელდება იმ პარტნიორების მიმართ, რომელთაც სურვილი აქვთ NATO-ში გაწევრიანების.

ეს არ გახლავთ დიდი სამიტი, როგორც წესი, NATO-ს წევრი ქვეყნები ერთმანეთს ხვდებიან როცა აშშ-ს ახალი პრეზიდენტის არჩევა ხდება. ჩვენ NATO-ს სამიტიდან ველით ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, ველოდებით იმ საკითხებზე მუშაობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია NATO-ს მოკავშირეებისთვის, როდესაც მე-5 მუხლს ეხება საქმე. ჩვენ ასევე გვინდა, ვიხილოთ კიდევ ერთხელ ღია კარის პოლიტიკის დადასტურება. ჩვენ შევძლებთ, რომ NATO-ს სამიტის შემდეგ შედგეს საქართველო-NATO-ს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ამ შეხვედრას“, - განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.

7-8 ივნისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი სტუმრობს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან.

საქართველოში ყოფნისას, ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ამასთან, ედგარს რინკევიჩსი პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, ის ასევე საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერს გააკეთებს.