იენს სტოლტენბერგი: რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა, აგრესიული ქმედებების ეს მოდელი NATO-ს ყველა მოკავშირეს აშფოთებს

ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთის ქცევის მოდელი ვიხილეთ, როდესაც მათ დიდი ინვესტიცია განახორციელეს ახალ თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობებსა და ჩვეულებრივ და ბირთვულ შეაიარაღებაში, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ცივი ომის დასრულების შემდეგ, NATO-მ კოლექტიური თავდაცვის მასშტაბური გაძლიერება განახორციელა, რაც 2014 წელს აგრესიული ქმედებებით იყო გამოწვეული, როდესაც რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა.

„ჩვენ გვაქვს საჰაერო პატრულირება, შავ ზღვასა და ბალტიის ზღვაში ჩვენი წარმომადგენლობა გავზარდეთ. მნიშვნელოვნად გავზარდეთ ძალების მზადყოფნა. ეს მკაფიო და ძლიერი პასუხია NATO-ს მოკავშირეების მხრიდან რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

„წლების განმავლობაში, რუსეთი მეზობლებს აშინებდა, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა, ყირიმის უკანონო ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაცია მოახდინა. შემდეგ ჩვენ დავინახეთ, რომ ისინი შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ, კიბერშეტევებსა და სხვადასხვა ტიპის ჰიბრიდულ აგრესიულ ქმედებას ახორციელებდნენ NATO-ს მოკავშირე ქვეყნების წინააღმდეგ. აგრესიული ქმედებების ეს მოდელი NATO-ს ყველა მოკავშირეს აშფოთებს. მხარს ვუჭერთ პარტნიორებს, მაგალითად, უკრაინასა და საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას ვუწევთ“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.