NATO-ს სამიტის კომუნიკეში, რომელზე ამჟამად მსჯელობა მიმდინარეობს, ქართველებისთვის საინტერესო ოთხი ძირითადი საკითხი იქნება.
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, პირველი ეს იქნება ძლიერი გზავნილი, რომ NATO-ს კარი კვლავ ღიაა.
„როგორც ქართველებმა იციან, ჩვენ ახლახან მივიღეთ ორი ახალი წევრი ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენერგო. ეს არის მტკიცებულება, რომ ალიანსის კარი მართლაც ღიაა. მეორე იქნება ძლიერი გზავნილი კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით, რომ NATO ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულია და საქართველოს აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი. ამავე დროს ჩვენ კიდევ ერთხელ გადავუხდით მადლობას საქართველოს ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს; ვგულისხმობ, საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
მისივე თქმით, მესამე პუნქტი, რომელიც საქართველოს ეხება მოიცავს შავ ზღვას.
„შავი ზღვაში უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია გაუარესებულია და ეს რუსეთის გამო ხდება. მათ შორის ყირიმის ანექსიისა და იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. მე ველოდები, რომ NATO-ს კომუნიკეში აღნიშნული იქნება არამხოლოდ ის, რომ ალიანსში ამის შესახებ იციან, არამედ ის, რომ NATO ამასთან დაკავშირებით ნაბიჯებს დგამს, მათ შორს საქართველოს და უკრაინის ჩართულობით“.
მისივე თქმით, მეოთხე საკითხი იქნება ყოვლისმომცველი თემა, რომლის ფარგლებში NATO აღიარებს, რომ არსებობს გეოსტრატეგიულია კონკურენცია დემოკრატიულსა და არადემოკრატიულ სამყაროს შორის.
„ეს კონკურენცია მძაფრდება. ამიტომ, NATO-ს სურს ხელი გაუწვდინოს უფრო მეტ თანამოაზრე სახელმწიფოს, ისეთს როგორიც საქართველოა, რათა კონსულტაციები ერთად გავმართოთ და ერთად ვიმოქმედოთ, არამხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად, არამედ ჩვენი საერთო ღირებულებების, ასევე სისტემებისა და სტანდარტების დასაცავად, რომელზეც დამოკიდებულია დემოკრატია. მაგალითად, გაეროს სისტემაში, ასევე სატელეკომუნიკაციო სისტემებში, ამიტომ ჩვენ და საქართველო ამ კონტექსტში მეტს გავაკეთებთ. ასე რომ, იმედი მაქვს, ქართველები ამას დააფასებენ“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ „პირველ არხთან“.