„ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა, რათა გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური გზის, დემოკრატიის კონსოლიდაციის და რეფორმების მიმართ“, - ამის შესახებ ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა Twitter-ზე წერს.
პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და მისი მეუღლე ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 10-12 ივნისს ეწვევიან.
ვიზიტის ფარგლებში, ლეუტუვის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ- მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის სპიკერს კახა ქუჭავას. ვიზიტის პროგრამა ასევე მოიცავს პრეზიდენტის შეხვედრას ადგილობრივ ლიეტუველებთან და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ვიზიტისას გიტანას ნაუსედა გაემგზავრება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. შემდეგ კი, მეუღლესთან ერთად შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.
ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტის მეუღლე დიანა ნაუსედა მონაწილეობას მიიღებს ლიეტუველი დრამატურგის, ინჟინრის, ანტანას ვილკუტაიტის-კეტურაკისის ძეგლის გახსნაში და დაესწრება ბირუტე იონუშკაიტეს წიგნის პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მდებარე ლიეტუვის ენისა და კულტურის ცენტრში გაიმართება.
ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოში პირველად ჩამოვა.