პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის და ცესკოს 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

პარლამენტმა საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ცნობილია, საკითხი საპარლამენტო სესიაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ წარადგინა. მისი თქმით, მომავალ წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი არ იცვლება და 53 696 000 ლარს შეადგენს.

„2022 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება განსაზღვრულია 30 7 000 ლარის, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ბიუჯეტი - 17 589 000 ლარის ოდენობით“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

აღნიშნული საკითხი სესიამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი განიხილავს და დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომდევნო წლის ბიუჯეტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად.