მარკ კლეიტონი: „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღება არის ბაზა სამომავლო კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის, მარკ კლეიტონი განცხადებით, პარლამენტის მიერ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონის მიღება არის ბაზა სამომავლო კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

​„მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა მიიღო „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონი. ეს სოლიდური ბაზაა სამომავლო კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ქვეყნის კიბერსივრცეში თავდაცვისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად. მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით გაძლიერდეს ზედამხედველობა“, – წერს კლეიტონი Tweeter-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა 77 ხმით 2-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო “ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” კანონში ცვლილებები, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ანტიკონსტიტუციურად აფასებენ.

ცვლილებების თანახმად, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები 3 კატეგორიად დაიყოფიან. კანონპროექტი, ასევე, ითვალისწინებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილებების განსაზღვრას ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ამასთან, ხდება ადმინისტრაციული სანქციების შემოღება ინფორმაციული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის.