ბენ ჰოჯესი: ვიმედოვნებ, აშშ გაზრდის საქართველოში ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით როტაციული ძალების და სტრატეგიული საჰაერო გადაზიდვების მხარდაჭერის კუთხით

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი იმედოვნებს, რომ აშშ გაზრდის საქართველოში თავის ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით როტაციული ძალების და სტრატეგიული საჰაერო გადაზიდვების მხარდაჭერის კუთხით, ისევე როგორც შავ ზღვაში თავის წარმომადგენლობას. „ევროპათაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰოჯესი აცხადებს, რომ სომხეთში არსებული რუსეთის ბაზების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიასთან ახლოსაა, საკმაოდ გაიზარდა, შესაბამისად, საქართველომ და მისმა პარტნიორმა აშშ-მ, ამას ყურადღება უნდა მიაქციონ.

_ბატონო გენერალო, ბოლო ინტერვიუ რომელიც თქვენთან ჩავწერეთ, ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, ცუდი სცენარის განვითარებად, რუსეთის სამშვიდობოების განლაგება მიიჩნიეთ. როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა მოხდა?

_მისასალმებელია, რომ სამხედრო დაპირისირებები და განსაკუთრებით სამოქალაქო პირების მკვლელობები დასრულდა. ასევე მისასალმებელია, რომ აზერბაიჯანმა თურქეთის მხარდაჭერით მიიღო გადაწყვეტილება კონფლიქტის ზონაში საომარი ქმედებების შეჩერების შესახებ. იმედი მაქვს, შეთანხმება გაგრძელდება და ორივე მხარე შეეცდება მის შესრულებას. თუმცა, ვფიქრობ, რომ სხვა ქვეყნებიც შეძლებდნენ სამშვიდობო მისიის განხორციელებას კრემლის ნაცვლად.

ჩემი აზრით, იქ განლაგებული რუსული ძალები უფრო ოკუპანტებს წარმოადგენენ, ვიდრე მშვიდობისმყოფელებს, ისევე როგორც დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, სადაც სინამდვილეში „ტერიტორიის მპყრობელებად“ უფრო გვევლინებიან, ვიდრე მშვიდობის მყოფელებად.

_რა ცვლილებებს გამოიწვევს ეს რეგიონში? როგორი იქნება თურქეთის და რუსეთის გავლენები კავკასიაში, რა თანაფარდობით და რა პერსპექტივებით?

თურქეთმა აჩვენა, რომ შესწევს უნარი, გავლენა იქონიოს რეგიონზე; ასევე მოახდინა ზოგიერთი მისი შესაძლებლობის მაღალ დონეზე მოდერნიზაციის დემონსტრირება; დაგვანახა, რომ შეუძლია ხარისხიანი ტრენინგისა და კონსულტაციის უზრუნველყოფა, როგორც ეს აზერბაიჯანული ძალების შემთხვევაში გააკეთა.

თუმცა ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რა შედეგების მომტანი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში ყოველივე ეს რეგიონში თურქეთისთვის. ფაქტია, თურქეთის გადმოსახედიდან, მისთვის საკმაოდ პოზიტიური ტენდენცია აღინიშნება.

ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, თურქეთი გამოიყენებს ამას პასუხისმგებელი და პოზიტიური მიდგომისთვის რეგიონში, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით, აგრეთვე იმისთვის, რომ უფრო მეტი გააკეთოს, რათა დაუპირისპირდეს კრემლის აგრესიას შავი ზღვის რეგიონის დანარჩენ ნაწილში.

_რა ბედი ეწვევა ამ ახალი კონფიგურაციით, იმ მნიშვნელოვან მარშრუტებსა და კორიდორებს, რომლებიც გადის აღნიშნულ ტერიტორიებზე და აკავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს?

ეს არის მთავარი სტრატეგიული კითხვა - ახალი გარემოებები ხელს შეუწყობს თუ პირიქით, ხელს შეუშლის აზერბაიჯანი-საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორის განვითარებას, რომელიც ევროპას ევრაზიასთან აკავშირებს; ეს არის ერთადერთი დერეფანი (გაზის, ტელეკომუნიკაციის და საჰაერო მგზავრობისთვის), რომელიც რუსეთზე და ირანზე არ გადის. ხოლო რუსული სახმელეთო ძალების, როგორც ოკუპანტების იქ ყოფნა, სავარაუდოდ, დადებითად არ აისახება დერეფნის განვითარებაზე.

_საქართველოსთვის როგორც სატრანზიტო კორიდორის მქონე ქვეყნისთვის, რას მოიტანს ან შეცვლის ეს ყველაფერი? ზოგადად როგორ აისახება ეს ახალი ,,წესრიგი' მასზე?

სომხეთში არსებული რუსეთის ბაზების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიასთან ახლოსაა განლაგებული, საკმაოდ გაიზარდა. ამრიგად, საქართველომ და მისმა პარტნიორებმა, როგორიცაა აშშ, ამას ყურადღება უნდა მიაქციონ. ვიმედოვნებ, აშშ გაზრდის საქართველოში თავის ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით როტაციული ძალების და სტრატეგიული საჰაერო გადაზიდვების მხარდაჭერის კუთხით, ისევე როგორც შავ ზღვაში თავის წარმომადგენლობას.

ეს არის ძლიერი სახელმწიფოების შეჯიბრის ნაწილი, რომლებიც ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ ეს რეგიონი ყველასთვის მნიშვნელოვანია. და ჩვენ ჩავდებთ ინვესტიციებს დიპლომატიაში, ინფორმაციასა და კერძო ეკონომიკაში, აგრეთვე გავაგრძელებთ თანამშრომლობას უსაფრთხოების კუთხით.