"საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების ყველა პირობა არსებობს", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ განაცხადა და განმარტა თუ რა არის სავალდებულო არჩვნებში მონაწილეობის მისაღებად.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ცესკო-სთან, რათა საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლების რეალიზაცია, კერძოდ კი, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. დღევანდელი დღის მონაცემებით, საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების ყველა პირობა არსებობს. დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია, რომ საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე. საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრისა. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უფასოა. ამასთან საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი შეუძლია გადაამოწმოს შემდეგ ვებგვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია, სამი გზით:
1. დისტანციურად, ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge საშუალებით, რა დროსაც მოქალაქე ავსებს შესაბამის ანკეტას ელექტრონულად, საელჩოსა თუ საკონსულოში გამოცხადების გარეშე.
2. საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადებით.
3. საფოსტო გზავნილის მეშვეობით, საელჩოსთვის/საკონსულოსთვის მატერიალური ფორმით დოკუმენტების გაგზავნის გზით .როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, თუ ამომრჩეველი ვერ აღმოაჩენს თავის პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. მათ შორის ყველაზე პრაქტიკული და მარტივია, დისტანციურად, www.geoconsul.gov.ge-ზე ელექტრონული განაცხადის გაკეთება.
გაუთვალისწინებელი პრობლემური სიტუაციის თავიდან არიდების მიზნით, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფმა მოქალაქეებმა უნდა გადაამოწმონ აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი, საკონსულო დეპარტამენტის ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge-ზე შექმნილ სპეციალურ პლათფორმაზე.
2020 წელს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს შექმნის არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისათვის, შესაბამისად ამ ეტაპზე არ არის ცნობილი თუ რამდენი საარჩევნო უბანი გაიხსნება საზღვარგარეთ, რადგან 10 ოქტომბრის ჩათვლით აქტიურად მიმდინარეობს მოქალაქეთა საარჩევნო მიზნებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება. 11 აგვისტოს მონაცემებით საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება 52702 საქართველოს მოქალაქე.