იენს სტოლტენბერგი: ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, თუმცა კონკრეტულ თარიღს დღეს არ დავასახელებთ

„მე ველოდები, რომ დღეს NATO-ს მოკავშირეები დააფიქსირებენ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულებას, როდესაც ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, თუმცა ჩვენ არ დაგვისახელებია კონკრეტული თარიღი. თარიღს არც დღეს დავასახელებთ“, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, NATO-ს სამიტის გახსნამდე განაცხადა.

„ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ რეფორმებზე და ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელებაზე, საქართველომ მოახდინოს უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაცია. ჩვენი გზავნილია, რომ NATO-ს კარი ღიაა. რუსეთს არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს ამ პროცესს, ნებისმიერი სუვერენული ქვეყნის უფლებაა შეუერთდეს NATO-ს. ჩვენ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, მოკავშირეების წინააღმდეგ კიბერთავდასხმებსა და ჰიბრიდულ თავდასხმებს ვხედავთ - ამან რუსეთთან ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღეს ბრიუსელში NATO-ს სამიტი იმართება.