ხვალ, 14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება. დღის წესრიგი უკვე ცნობილია. ამასთან დაკავშირებით, ალიანსის გენერალურმა მდივანმაც ისაუბრა.
„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გავაძლიეროთ NATO, როგორც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მტკიცე კავშირის სიმბოლო. გადაწყვეტილებას მივიღებთ ალიანსის არსებით და პერსპექტიულ NATO 2030-ის დღის წესრიგზე, რათა გავუმკლავდეთ დღევანდელი და ხვალინდელი დღის გამოწვევებს.
რუსეთის აგრესიული ქმედებები, ტერორიზმის საფრთხე, კიბერთავდასხმები, კლიმატის ცვლილებების ზეგავლენა უსაფრთხოებაზე და ჩინეთის აღზევება“, – ნათქვამია NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.
სამიტის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება. საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.
ბრიუსელის სამიტზე მიღებულ იქნება დასკვნითი დოკუმენტი, კომუნიკე. ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ კომუნიკეში ადეკვატურად აისახება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, დაფიქსირდება NATO-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა შეთანხმებას და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს და მოლოდინია, რომ ეს სათანადოდ დაფასდება.
„ველოდებით, რომ სათანადოდ შეფასდება და დაფასდება ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი. ჩვენი მხრივ ყველა ვალდებულებას პირნათლად ვასრულებთ, ის, რაც არის განსაზღვრული წინა NATO-ს სამიტების დეკლარაციებში თუ მიღებულ შეთანხმებებში - ყველა შეთანხმებას და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვიცე-პრემიერ მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, NATO-ს მომავალი სამიტიდან პოზიტიური მოლოდინები აქვთ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ სამიტზე NATO-ელი პარტნიორების მხრიდან აღინიშნება არამხოლოდ საქართველოს პროგრესი ალიანსში ინტეგრაციის კუთხით, არამედ შეფასებები რეგიონში მიმდინარე თემატიკასთან და ოკუპაციის პროცესებიდან მომდინარე საკითხებზეც, რომლებსაც პარტნიორები NATO-ს შესაბამის გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციაში ასახავენ.
,,უაღრესად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს NATO-ს უახლოესი სამიტიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან აქტიური დიპლომატიური საქმიანობა არის გაწეული ყველა დედაქალაქში, ყველა პარტნიორთან იმისათვის, რომ ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს, NATO-ში ინტეგრაციის კუთხით იყოს შესაბამისად ასახული ალიანსის დეკლარაციასა და გადაწყვეტილებებში. აქტიური კომუნიკაციის შედეგად, უკვე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ საქართველოს საკითხი უკვე არის NATO-ს სამიტის დღის წესრიგში, მიუხედავად იმისა, რომ სამიტი განსხვავებული ფორმატით ტარდება და ეს არ არის სრულმასშტაბიანი სამიტი, არამედ არის ხანმოკლე სამიტი, რომელიც ერთგვარი მოსამზადებელი არის 2022 წლის დიდი სამიტის, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს თემატიკა აქტიურად განიხილება და ის არის შეტანილი დღის წესრიგში, რომლის სათაურიც გახლავთ ,,წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის დღის წესრიგი".
ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საქართველო განიხილება იმ ღირებულებებთან და ფასეულობებთან ერთობლიობაში, რაც არის საერთო ჩვენს NATO-ელ პარტნიორებთან და დარწმუნებული ვარ, რომ არამხოლოდ ის პროგრესი, რომელიც NATO-ში ინტეგრაციის კუთხით, არამედ შეფასებები რეგიონში მიმდინარე თემატიკასთან დაკავშირებით და ოკუპაციის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით იქნება ასევე ჩვენი NATO-ელი პარტნიორების მხრიდან აქტიურად ასახული NATO-ს შესაბამის გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციაში", - განაცხადა ზალკალიანმა.
NATO-ს სამიტთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა განცხადება მოამზადა.
საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიები ერთიანი არიან საქართველოს NATO-ში გაწევრების მხარდაჭერაში.
პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს მოუწოდა, დოკუმენტზე ხელმოწერით კიდევ ერთხელ გამოხატონ პოლიტიკური ნება და დააფიქსირონ ერთიანობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს.
NATO მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ბრიუსელში მომავალ სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ერთობლივ განცხადებას, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტია აწერს ხელს. ამის შესახებ Europetime-ს ექსკლუზიურად NATO-ში განუცხადეს.
,,ჩვენ მივესალმებით NATO-სთან დაკავშირებულ დეკლარაციაზე სხვადასხვა პარტიის ხელმოწერას. ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც საქართველოში სრულ პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს",- აღნიშნავენ Europetime-თან საუბრისას .