რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ქალაქ შუშაში თურქეთის გენერალურ საკონსულოს გავხსნით

ქალაქ შუშაში აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა

ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში შუშაში თურქეთის გენერალურ საკონსულოს გახსნის. ინფორმაციას Anadolu Agency ავრცელებს.

ერდოღანის თქმით დეკლარაციის ხელმოწერით, ბაქომ და ანკარამ განსაზღვრეს მომავალი პერიოდის ორმხრივი ურთიერთობების საგზაო რუკა.

ქვეყნის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს თვეებში თურქეთში გაიმართება აზერბაიჯან-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომა.

”ჩვენ გვინდა, რომ რეგიონი გახდეს მშვიდობიანი თანაცხოვრების ადგილი ექვსმხრივი პლატფორმის [რუსეთის, თურქეთის, ირანის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის] წყალობით ”, - თქვა ერდოღანმა.

ცნობისთვის, თურქეთის ლიდერი აზერბაიჯანში NATO-ს სამიტის შემდეგ გაემგზავრა.