აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პუტინის მსგავსად დაადასტურა, რომ შეხვედრის ტონი დადებითი იყო და არა ხისტი. მისი თქმით, დაშინების რიტორიკა არ ყოფილა.
„უნიკალური ვალდებულება გვაქვს, ვმართოთ ორ ძლიერ ქვეყანას შორის ურთიერთობა და ეს ურთიერთობა უნდა იყოს სტაბილური და პროგოზირებადი, უნდა შევძლოთ საერთო ინტერესების საკითხებზე თანამშრომლობა, განსხვავებები არსებობს...ზოგიერთ რამეში არ დავეთანხმეთ, თუმცა ეს მკვახედ არ მომხდარა. ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ ამერიკის დღის წესრიგი არ არის რუსეთის ან ვინმეს წინააღმდეგ. ის მოქმედებს ამერიკელი ხალხისთვის. ასევე ვუთხარი, რომ ამერიკა ვერ შეინარჩუნებს ხალხის რწმენას, თუ ის არ დაიცავს დემოკრატიულ ღირებულებებს, ფუნდამენტურ უფლებებს. როგორ გგონიათ, რა მოხდება, თუ ნავალნი დაიღუპება, ეს დამანგრეველი იქნება რუსეთისთვის.
ადამიანის უფლებები ყოველთვის იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე. ეს არ ეხება რუსეთის წინააღმდეგ წასვლას, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის უფლებების შელახვაზე. როგორ შეიძლება დავრჩე ამერიკის პრეზიდენტად და ხმა არ ამოვიღო ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ამიტომაც ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ ხმას ავიმაღლებთ ალექსეი ნავალნის საქმეზე და ნათლად ვუთხარი, რომ გავაგრძელებთ საუბარს ადამიანის უფლებებზე, რა თქმა უნდა ვიმუშავებთ უკანონოდ დაკავებული ამერიკელი მოქალაქეების საქმეებზე. ასევე წამოვწიე რადიო თავისუფლების ფუნქციონირების საკითხი.
საბოლოო ჯამში ვუთხარი, რომ გვჭირდება საბაზისო წესები, რომლებსაც დავექვემდებარებით, ასევე აღვნიშნე, რომ გვჭირდება საერთო ინტერესები თანამშრომლობისთვის, ამერიკის და რუსეთის მოქალაქეებისთვის. ვუთხარი, რომ თუ გინდთ, რომ ინვესტიციები შემოვიდეს, ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც შინაპატიმრობაშია, უნდა გაათავისუფლოთ“, - აღნიშნა ბაიდენმა.
მისი თქმით, აშშ პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და მისი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს.
„შეხვედრის ატმოსფერო კარგი და დადებითი იყო. დავაფიქსირეთ ის საკითხები, რომელშიც ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ამერიკამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ დავბრუნდით და ჩვენი მოკავშირეების გვერდით ვდგავართ“.
რა შედეგები მოჰყვება არჩევნებში ჩარევას ან აშშ-ის წინააღმდეგ კიბერშეტევებს, ჯო ბაიდენის პასუხი ასეთი იყო.
„მან იცის, რომ ამას შედეგები მოჰყვება. მან იცის, რომ ზომებს მივიღებ. მოდით, ვთქვათ პირდაპირ, რა იქნებოდა, რომ შეერთებული შტატები სხვა ქვეყნების არჩევნებში პირდაპირ ჩაერიოს და ეს ყველამ იცოდეს? რა იქნებოდა, თუ ჩვენ ისეთ საქმიანობას განვახორციელებთ, როგორსაც იგი ეწევა? ის ცდილობს დარწმუნდეს, რომ შეინარჩუნებს ქვეყნის პოზიციას, როგორც დიდ მსოფლიო ძალას“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.