სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

დღეს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში 25 პარტია და ბლოკი იღებს მონაწილეობას.

მედიის ცნობით, ბოლო გამოკითხვებით, ბლოკ „ჰაიასტანს“ (სომხეთი), რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ხელმძღვანელობს, ამომრჩევლების 24,1 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკს „სამოქალაქო შეთანხმებას“ – 23,8 პროცენტი. გამოკითხვებით მესამე ადგილზე ყოფილი პრზიდენტის, სერჟ სარქისიანის ბლოკი „მაქვს პატივია“ – 7,4 პროცენტით.

სომხეთის ეროვნულ კრებაში მოსახვედრად პარტიებს 5%-იანი, ხოლო ბლოკებს 7%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

ცნობისთვის, სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება აზერბაიჯანთან 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის ომის შემდეგ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო გახდა საჭირო. 2021 წლის 25 აპრილს ქვეყნის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა და მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელის პოსტი დაიკავა. 3 და 10 მაისს სომხეთის ეროვნულმა კრებამ ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა ვერ შეძლო, რის შემდეგაც სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, პარლამენტის დათხოვნის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.