ჯეიკ სალივანი: აშშ ემზადება რუსეთისთვის ახალი სანქციების დასაწესებლად

აშშ-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნულ უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს.

როგორც CNN-ი წერს, სანქციების ახალი პაკეტი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრების საკითხს უკავშირდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სანქციებს მაშინ აამოქმედებს, როცა მიხვდება, რომ ამით „საჭირო მიზნებს“ მიაღწევს.

„სანქციების კიდევ ერთ პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც ამ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოვიყენებთ“, - განაცხადა სალივანმა.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტიის შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს შედგა. სამიტის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ აშშ მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აამოქმედებს, ეს კიდევ ერთი „ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა“ იქნება.