დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიის შესამუშავებლად სამთავრობო კომისია შეიქმნა

პრემიერ-მინისტრის განკარგულოებით, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნა.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. კომისიას საგარეო უწყება უხელმძღვანელებს.

„ჩვენი მიზანი და ამბიციაა, რომ საერთო, ეროვნული პროცესი შექმნათ და ერთობლივად შევიმუშაოთ ერთიანი სახელწმიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, ეს იქნება საპასუხისმგებლო და ყოვლისმომცველი პროცესი, რომელშიც საზოგადოების ყველა სეგმენტი ჩაერთვება.

„იმ პირობებში, როდესაც ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების უმწვავესი გარემო შეიქმნა და ქვეყანა, ახალი, ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დადგა, პარალელურად კი, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ყოველდღიურად მძიმდება ჰუმანიტარული სიტუაცია, აუცილებელია, რომ ჩვენი პოლიტიკა იყოს პროაქტიური და კიდევ უფრო ქმედითი, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც წლის ბოლომდე, საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით, შეიმუშავებს ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ სახელმწიფო სტრატეგიას. კომისიასა და სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს და კოორდინაცია გაუწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„სამთავრობო კომისიის ამოქმედების მიზანია, საერთო ეროვნული პროცესის შექმნა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა ქვეყნის დეოკუპაციის, გამთლიანებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. პროცესში ჩართული იქნებიან, როგორც სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუციები, ისე სამოქალაქო საზოგადოება - კვლევითი ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები და მოსახლეობის ფართო წრეები.

წლის ბოლომდე გაიმართება არაერთი შეხვედრა, დიალოგი, დისკუსია, კონსულტაცია, როგორც უწყებათაშორის დონეზე, ისე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, რათა საერთო ეროვნული პროცესის ფარგლებში შემუშავდეს სახელმწიფოებრივი ხედვა ხვალინდელ მშვიდობიან და გამთლიანებულ საქართველოზე. პარალელურად, ინტენსიური სამუშაო პროცესი წარიმართება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის პროაქტიული და ეფექტიანი ჩართულობით აქტიურ მოქმედებაში იყოს მოყვანილი ქვეყნის დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესი, - აღნიშნულია ინფორმაციაში.