რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით

„ეს არის ის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც ამ ქვეყანას ჭირდებოდა. მიმაჩნია, რომ ეს იყო ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყანაში ჩავდეთ“,- განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც საპენსიო სააგენტოს 2020 წლის ანგარიში მოისმინეს.

ანგარიში კომიტეტს საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ გააცნო, სადაც აღწერილია 2020 წელს საპენსიო სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა და განხორციელებული ღონისძიებები. დოკუმენტი ასევე მოიცავს დაგროვებითი საპენსიო სქემისათვის მნიშვნელოვან ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს.

გიორგი დანელიამ განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულია 1 მილიონ 159 ათას მონაწილე. საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.51 მილიარდი ლარი შეადგინა, მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 166 მილიონი ლარია. დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 873-მა ადამიანმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ თვეში 10 000 პირს შეადგენს.

სააგენტოს დირექტორმა ყურადღება გაამახვილა და ისაუბრა იმ წარმატებებზე, სიახლეებსა და სარგებელზე, რაც ამ მომენტისთვის საპენსიო რეფორმას აქვს ყველა მონაწილისთვის. დეტალური განმარტებები გააკეთა ფონდის საინვესტიციო საქმიანობის მიმართულებით.

მანვე კომიტეტს წარუდგინა საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგების მონაცემები 2020 წლისათვის.

2019-2020 წლებში საპენსიო ფონდი ჯამში 169,151 ადამიანმა დატოვა. მათ შორის 165,570 ადამიანი სისტემიდან 2019 წელს გავიდა. ამ მოქალაქეთა სისტემიდან გასვლის გამო, დასაქმებულებისთვის, დამსაქმებლებისთვის და სახელმწიფოსთვის უკან დაბრუნებული თანხის მოცულობამ ჯამში 58,245,000 ლარი შეადგინა.