თამარ ჟვანია: ტყუილია, რომ არჩევნების შედეგები ვებგვერდზე ხელმისაწვდომი არ იყო

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თამარ ჟვანიამ არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების საკითხები განმარტა

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ცესკოს თავმჯდომარისგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების საკითხით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულებიდან 7.5 საათის შემდეგ შედეგების გამოცხადება ოპონენტების მხრიდან კრიტიკის საგანს წარმოადგენდა. კომისიის წევრებმა ცესკოს თავმჯდომარისგან ამ საკითხზე განმარტებები მოისმინეს.

„ეს არის აბსოლუტურად ტყუილად შეთხზული ამბავი, თითქოს ეს იყო გვიანი გამოცხადება. პირველადი შედეგი 7 საათისა და 25 წუთის შემდეგ გამოცხადდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შედეგები არ იდებოდა. 23.00 საათიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ოქმები იყო განთავსებული. ის რომ შედეგები ხელმისაწვდომი არ იყო, ეს არის ტყუილი! ჩვენ სტატისტიკაც გამოვაქვეყნეთ და 2012 წლის არჩევნებზე, ორი ბიულეტინის პირობებში, პირველადი შედეგები 8 საათის შემდეგ გამოცხადდა. რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს - ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო სუბიექტების რაოდენობა უტოლდებოდა 50-ს. ამავდროულად არჩევნები პირველად ტარდებოდა პანდემიის პირობებში და რა თქმა უნდა, დათვლის პროცესს გაცილებით მეტი დრო დაჭირდა“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

თამარ ჟვანია: კომისიის წევრების კომპეტენციის საკითხი მხოლოდ 2020 წლის არჩევნების პრობლემა არ არის, დიდი ხანია არსებობს