საქართველოს უფრო თვალსაჩინო ადგილი უნდა ჰქონდეს ვაშინგტონის საერთაშორისო დღის წესრიგში. თუ საქართველო განაგრძობს თავის დაცვას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების პარალელურად, ეს დასავლელი პარტნიორებისგან მეტ პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას მოითხოვს. ამერიკის ინტერესებშია ნაბიჯის გადადგმა. ამ შინაარსის საავტორო სტატია (Georgia on My mind) აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაურის ფილიპ ბრიდლავის და აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის ანალიტიკოსის ლულია ჯოჯას ავტორობით Newsweek-ში გამოქვეყნდა. ავტორები სამიტებით დატვირთულ კვირას მიმოიხილავენ, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ჩათვლით.
Europetime წერილის თარგმანს გთავაზობთ:
ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა შეგვახსენა, რომ ათი წლის წინ, ბაიდენი-პუტინის ბოლო შეხვედრაზე, მოსკოვში, ორმა ლიდერმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის საკითხზე მკვეთრად განსხვავებული პოზიციები გაცვალა.
უკრაინაში რუსეთის ბოლოდროინდელი აგრესია უნდა ახსენებდეს ყველას, რომ კრემლმა გასცა ბრძანება, 2008 წელს შემოჭრილიყო საქართველოში, NATO-ში საქართველოს გაწევრიანების შესახებ სიგნალის პასუხად. დღეს რუსი ჯარისკაცები კვლავ იკავებენ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს. ელჩმა მაკფოლმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აუცილებელი იყო, საქართველოს უკანონო ოკუპაცია ჟენევის სამიტის დღის წესრიგში ყოფილიყო.
ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ასევე უნდა გაამახვილონ ყურადღება უფრო ფართო თემებზე, როდესაც განიხილავენ ვაშინგტონის სტრატეგიულ პარტნიორობას თბილისთან.
საქართველომ თავისი წვლილი შეიტანა რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. 2020 წლის ბოლოს შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთი გაყინული კონფლიქტი გაღვივდა, რუსეთის მონაწილეობით გაფორმებული შეთანხმება რეგიონში მისი ყოფნის გაზრდას ნიშნავდა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ სამხედრო ყოფნას დამატებული.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავ აგრესიას განიცდის, მოსკოვი ცდილობს რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნას სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ირანს, რუსეთსა და თურქეთს შორის. ეს პლატფორმა მიზანმიმართულად გამორიცხავს შეერთებულ შტატებსა და დასავლეთს.
თბილისის შუამავლობას მხარს უჭერდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მას მიესალმა სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. საქართველოს წვლილი მთიან ყარაბაღში მშვიდობის დამყარების პროცესში აჩვენებს მის მნიშვნელოვან როლს, როგორც აშშ-ის მტკიცე მოკავშირის, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპის აღმოსავლეთით.
როდესაც ამერიკა მოუწოდებს მის მოკავშირეებს სამხედრო მხარდაჭერისკენ, საქართველო პირველი პასუხობს. ქართული ჯარები შეუერთდნენ ავღანეთსა და ერაყში აშშ-ის ეგიდით ჩატარებულ ოპერაციებს, საქართველომ დაუყოვნებლივ განახორციელა დიდი კონტრიბუცია კოალიციის ძალებს შორის. თბილისმა შეიარაღებული ძალები ერაყიდან გადაანაწილა, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში და დაიპყრო მისი ტერიტორია, მაგრამ ავღანეთში საქართველო ერთგულებას დღემდე ადასტურებს.
საქართველო წლებია, ებრძვის რუსეთის ჰიბრიდულ აგრესიას, შეიარაღებული ძალების რეფორმირების კვალდაკვალ და ემზადება ქვეყნის საბოლოოდ გასაწევრიანებლად NATO-ში. კონფლიქტებში მსხვერპლის მიუხედავად, როგორც სამშობლოში, ასევე საზღვარგარეთ, საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა კვლავ გასაოცრად მაღალია, როგორც საზოგადოებაში, ასევე ორპარტიულ პოლიტიკურ დონეზე.
და ბოლოს, საქართველოს საგარეო პოლიტიკური მისწრაფებები ნათელია: გაწევრიანება NATO-სა და ევროკავშირში, როგორც სტაბილური და წარმატებული დემოკრატია. საქართველომ მოახერხა შედარებით სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნება რუსეთთან, მიუხედავად მუქარისა და ოკუპაციისა. საქართველომ ასევე მოახერხა ნაყოფიერი, სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება თურქეთთან. თბილისის როლი, როგორც ხიდი აშშ-სა და ამ ორ სახელმწიფოს შორის, მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის სტაბილიზაციისთვის.
საქართველოს უფრო თვალსაჩინო ადგილი უნდა ჰქონდეს ვაშინგტონის საერთაშორისო დღის წესრიგში. თუ საქართველო განაგრძობს თავის დაცვას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების პარალელურად, ეს დასავლელი პარტნიორებისგან მეტ პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას მოითხოვს. ამერიკის ინტერესებშია ნაბიჯის გადადგმა.