ამერიკის ხმა: კამალა ჰარისი - ამერიკის არჩეული პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის ისტორია და მნიშვნელობა

„ჩვენ, ხალხს გვაქვს ძალა, რომ ავაშენოთ უკეთესი მომავალი“, - ეს სიტყვები ამერიკის არჩეულ 49-ე ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს ეკუთვნის. მან ეს თავის საზეიმო სიტყვაში თქვა, რომელიც გამარჯვების ღამეს წარმოთქვა. 7 ნოემბრის ღამეს, კამალა ჰარისი სუფრაჟისტების მოძრაობის პატივსაცემად, თეთრებში იყო გამოწყობილი. სწორედ სუფრაჟისტებმა მოიპოვეს 100 წლის წინ ქალებისთვის ხმის მიცემის უფლება ამერიკაში. თეთრი ფერი კი მათი სიმბოლოა.

კამალა ჰარისის სიტყვაში ძალიან დიდი ადგილი სწორედ ქალებს ეკავათ. თავის სამადლობელ სიტყვაში, ჰარისმა დედამისიც გაიხსენა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. კამალა ჰარისის მშობლები იმიგრანტები იყვნენ. დედა - ინდოეთიდან, მამა კი - იამაკიდან. მათ ერთმანეთი ამერიკაში გაიცნეს და შვილებს, კამალას და მაიასაც იქ ზრდიდნენ.

„...[მადლობელი ვარ] დედაჩემის, შამალა გაპალან ჰარისის, ქალის, რომელიც ყველაზე მეტადაა პასუხისმგებელი ჩემ აქ ყოფნაზე... როდესაც ის ინდოეთიდან, 19 წლის ასაკში [ამერიკაში] ჩამოვიდა, ამ მომენტს ვერ წაროიდგენდა, თუმცა ყოველთვის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. ასე რომ, დღეს მე ვფირობ მასზე და ქალების თაობებზე, შავკანიან, აზიელ, თეთრკანიან, ლათინოს, მკვიდრ ამერიკელ ქალებზე, რომლებმაც ამ მომენტამდე მოგვიყვანეს. ქალებზე, რომლებმაც იბრძოლეს და დიდი მსხვერპლი გაიღეს ყველას თანასწორობისა და სამართლიანობისთვის“, - განაცხადა ჰარისმა 7 ნომბერს, დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს.

კამალა ჰარისი გახდა პირველი ქალი, პირველი ფერადკანიანი, პირველი ინდური წარმოშობის და იმიგრანტების პირველი შვილი, ვინც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტად ამერიკელმა ხალხმა აირჩია. გარდა ამისა, ამერიკას ეყოლება ისტორიაში პირველი - მეორე ჯენტლმენი, ჰარისის ქმრის, დაგ ემჰოფის სახით.

56 წლის კამალა ჰარისი ისტორიაში დარჩება, როგორც პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, თუმცა აქამდე ის იყო პირველი ქალი, ვინც კალიფორნიის ოლქის პროკურორად აირჩიეს, ასევე პირველი ქალი, ვინც ორი ვადით იკავებდა მთავარი პროკურორის თანამდებობას. ახლა კი ის ამერიკის პრეზიდენტის მარჯვენა ხელი, ქვეყანაში ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე, მეორე ადამიანი იქნება.

„მე შეიძლება ამ ოფისში პირველი ქალი ვიყო, მაგრამ, ნამდვილად არ ვიქნები ბოლო“, - აღნიშნა ჰარისმა. ის გახდა ამერიკაში, და არამხოლოდ, ყველა გოგოს იმედი, რომ ერთ დღეს, მათაც შეუძლიათ ჰარისის ადგილას ყოფნა.

„ქალების ადგილი არის ყველგან, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება““,- ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი, მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგის ეს სიტყვები, ამერიკელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა მას შემდეგ, რაც ისტორაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი აირჩიეს.

კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტად ჯო ბაიდენმა აგვისტოში წარადგინა. მაშინ ექსპერტები ამბობდნენ, რომ ჰარისი ძალიან სწორი არჩევანი იყო და ის ბაიდენს შავკანიანი ამომრჩევლების ხმებს მოუტანდა. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, რობერტ გრიფინი „დემოკრატიის ფონდიდან“ ამბობდა, რომ ჯო ბაიდენს ახალგაზრდა აფროამერიკელ ამომრჩეველში იმაზე ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა, ვიდრე ჰილარი კლინტონს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. „მას [კამალა ჰარისს] შეუძლია ის გააკეთოს, რომ ფოკუსირდეს ამ ახალგაზრდა აფროამერიკელების ჯგუფზე და დაუბრუნოს ამ პარტიას ის მხარდაჭერა, რომელიც მას 2016 წელს ჰქონდა აღნიშნულ ჯგუფში“.

ჰარისისა და ბაიდენისთვის თეთრ სახლში შესვლამდე კიდევ დიდი გზაა გასავლელი. მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ თმობს თავის პოზიციას, არ აღიარებს აქამდე გამოქვეყნებულ შედეგებს და ამის მაგივრად, არჩევნების გაყალბების დასამტკიცებლად, სასამართლოში სარჩელები შეაქვს. სფეროს ექსპერტები თვლიან, რომ ძალიან ცოტაა შანსი, ამან არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა მოახდინოს.

საარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება და ოფიციალურად მიანიჭებს გამარჯვებულს კოლეგიის ხმათა უმრავლესობას. შემდეგ ეს მონაცემები კონგრესს გადაეგზავნება და ოფიციალურად გამოცხადდება გამარჯვებული. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოფიციალური იანაუგურაცია კი 20 იანვარს გაიმართება და ამის შემდეგ ახალი პრეზიდენტი საქმიანობის შესრულებას შეუდგება.

მომზადებულია ამერიკის ხმის მიხედვით