თურქეთში ახალი სარკინიგზო მონაკვეთი გაიხსნა, რაც შუა დერეფანზე გადაზიდვებს დააჩქარებს

თურქეთის ქალაქ დირნეში ახალი 229-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთი გაიხსნა, რაც შუა დერეფნის გასწვრივ გადაზიდვებს დააჩქარებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.


ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი თურქეთის ქალაქ ედირნეს ეწვია და ჰალკალი–კაპიქულეს რკინიგზის ჩერქეზქოი–კაპიქულეს მონაკვეთის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ეს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კავშირია, რომელიც სტამბოლს ბულგარეთის საზღვართან აკავშირებს.


„პროექტმა, რომლისთვისაც ევროკავშირმა გაწევრიანებამდე დახმარების ინსტრუმენტის (IPA II) ფარგლებში 275 მილიონი ევროს გრანტი გამოყო, ევროკავშირის რეგიონთაშორისი დაკავშირებადობის დღის წესრიგის ფარგლებში პირველი კონკრეტული შედეგი მოიტანა. ეს ინიციატივა სამხრეთ კავკასიის გავლით ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს.


ახალი ჩქაროსნული სარკინიგზო კავშირი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაკავშირებადობას თურქეთსა და ევროკავშირს შორის და ხელს შეუწყობს შუა დერეფანზე ტრანზიტის დროის შემცირებას. ეს მარშრუტი თურქეთის გავლით ევროპას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს,“ — ნათქვამია განცხადებაში.


გახსნის ცერემონიას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრო. ღონისძიება ევროკავშირსა და თურქეთს შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ცერემონიამდე მარტა კოსი თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს აბდულქადირ ურალოღლუს შეხვდება.


„დაკავშირებადობა კომისიის პრიორიტეტად რჩება. გახსნის ცერემონიას წინ უძღოდა კომისარ კოსის მონაწილეობა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დღეს გამართულ VIII დერეფნის საერთაშორისო კონფერენციაში. კონფერენციაზე მან მონაწილეობა მიიღო VIII დერეფნის გეოპოლიტიკური კონტექსტისადმი მიძღვნილ პანელურ დისკუსიაში, რომელსაც ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ველისლავა პეტროვა-ჩამოვა უძღვებოდა.


ჰალკალი–კაპიქულეს რკინიგზა ევროკავშირისა და თურქეთის თანამშრომლობის ფარგლებში დღემდე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტია. მისთვის ევროკავშირმა გაწევრიანებამდე დახმარების ინსტრუმენტის (IPA II) ფარგლებში 275 მილიონი ევროს გრანტი გამოყო.


ევროკავშირის რეგიონთაშორისი დაკავშირებადობის დღის წესრიგის მიზანია სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების გაძლიერება ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას შორის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის გავლით. ამისთვის გათვალისწინებულია სტრატეგიული ინვესტიციების კოორდინაცია და მარეგულირებელ საკითხებში თანამშრომლობა“, — ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.


თავის მხრივ, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ პროექტის ექსპლუატაციაში გაშვებით ახალი ერა დაიწყება, რომლის შედეგებიც ძალიან ფართო არეალში გამოჩნდება


„ჩვენ სიამაყეს განვიცდით, რომ ჩვენს ქვეყანაში ტრანსპორტის სფეროში კიდევ ერთი სტრატეგიული პროექტი შემოვიტანეთ. უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ მარტა კოსს, ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარს, რომელიც დღეს აქ ჩვენს აღფრთოვანებას იზიარებს. ჩვენ ძალიან გვიხარია ქალბატონი კოსის ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში. იმედი მაქვს, რომ ჰალკალი-კაპიკულეს ჩქაროსნული მატარებლის ხაზის ჩერქეზკოი-კაპიკულეს მონაკვეთი, რომელსაც დღეს ვხსნით, სასარგებლო იქნება ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი თრაკიის რეგიონისთვის და თურქეთისთვის,“ - განაცხადა ერდოღანმა.


ცნობისთვის, შუა დერეფანი სავაჭრო-სატრანსპორტო მარშრუტია, რომელიც რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის და აზიას ევროპასთან აკავშირებს. ის ჩრდილოეთისა და სამხრეთის ტრადიციული დერეფნების ალტერნატივას წარმოადგენს.


მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე გადის. შემდეგ ის კვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს და ევროპამდე აღწევს. შუა დერეფანი სახმელეთო მარშრუტია, რომელიც უფრო გრძელ საზღვაო გზებს გვერდს უვლის და აზიის აღმოსავლეთ ნაწილს, მათ შორის ჩინეთს, ევროპასთან აკავშირებს.