ხაზგასმით ვაცხადებთ, აშშ მხარს უჭერს უფრო მტკიცე დემოკრატიას საქართველოში - სენატში რეზოლუცია წარადგინეს

აშშ-ის სენატში წარდგენილი რეზოლუცია მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისთვის საჭირო სისტემურ რეფორმებს, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას და უფრო მტკიცე დემოკრატიის უზრუნველყოფას უსვამს ხაზს.

რეზოლუცია, საქართველოში ყველა პარტიას მოუწოდებს, შარლ მიშელის შუამავლობით 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმება სწრაფად შეასრულონ და ადასტურებს სენატის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატალანტიკური მისწრაფებისადმი.

1. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და პარლამენტში არჩეულ სხვა პარტიებს სრულად შეასრულონ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენლი კომპრომისი.

2. მოვუწოდებთ ყველა არჩეულ პარლამენტარს დაიკავონ ადგილი პარლამენტში და დაიწყონ მუშაობა საკითხის შემდგომი გადადების გარეშე იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას, მათ შორის COVI19-ის პანდემიის შედეგები, დასუსტებული ეკონომიკა და გამოწვევების წინაშე არსებული რეგიონული დინამიკა.

3. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაატაროს სისტემური რეფორმები, რომლებიც ყველა მხარესთან ინკლუზიური და გამჭვირვალე საკონსულტაციო პროცესის ფარგლებში შემუშავდა, რათა უზრუნველყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც არ მოემსახურება პოლიტიკურ და პარტიულ მიზნებს, მათ შორის ვენეციის კომისიისა და სხვა ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიღებითა და ამოქმედების გზით.

4. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაატაროს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ შემუშავებული სისტემური საარჩევნო რეფორმები, რაც გადაჭრის პოლიტიკური ჩიხის მიზეზებს და თავიდან აიცილებს ასეთი კრიზისის ხელახლა წარმოშობას, მათ შორის ეუთოსა და ოდირის რეკომენდაციების სრულად მიღებისა და ამოქმედების გზით.

5. ვაღიარებთ, რომ პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში გამწვავდა რუსეთის ფედერაციის ძალისხმევით, რომელიც მიმართული იყო ქაოსის გავრცელებისკენ საქართველოში, მათ შორის უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

6. გამოვხატავთ შეშფოთებას, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების განმტკიცების გზაზე არსებული დაბრკოლებები შეაფერხებს საქართველოს პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების მიღწევასა და ეკონომიკის გაძლიერების მიმართულებით, რასაც შესაძლოა, მოჰყვეს საქართველოსთვის განკუთვნილ დახმარებაზე გარკვეული პირობების დაწესება.

7. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აშშ მხარს უჭერს უფრო მტკიცე დემოკრატიას საქართველოში, სადაც მმართველი ინსტიტუტები აჩვენებენ ერთიანობას, დაცულია ანგარიშვალდებულება და ბალანსი, გამჭვირვალობა და შესაძლებლობა, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთისა და სხვა მავნე ზეგავლენას და შეუძლიათ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფების მიღწევა.

კონგრესის ვებგვერდზე გამოქვეყნებული რეზოლუციის პროექტი სენატორ რონ ჯონსონის მიერ არის ინცირებული, რომელსაც მხარს უჭერენ სენატორები ჯინ შაჰინი, ჯეიმს რიში, კრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასო.