საქართველოსა და უკრაინის ციხეებში მყოფი პატიმრები უახლოეს მომავალში სამშობლოში დაბრუნდებიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს საკითხი ასევე განიხილა უკრაინაში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე.
„უნდა გავაძლიეროთ კოორდინაცია ადამიანთა შორის კონტაქტებისა და ტურიზმის სფეროში, განსაკუთრებით მიმდინარე პანდემიის პირობებში. დღის წესრიგში არის ვაქცინაციის შესახებ დოკუმენტების აღიარება, რომ გავაადვილოთ მოქალაქეებისთვის საზღვრების გადაკვეთა. კერძოდ, განვიხილეთ ასევე ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება სამშობლოში, რომლებიც სხედან ციხეებში საქართველოსა და უკრაინაში. ამასთან დაკავშირებით იურიდიული პროცედურები იქნება დასრულებული და ეს ადამიანები უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან სახლში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში 22 ივნისს ეწვია. ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.