მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის წინ, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესის ინტერვიუ, რომელიც „ევროპათაიმმა“ ჩაწერა, მედიაში განხილვის მთავარი თემაა. საქართველოში ინფრასტრუქტურის გაზრდაზე ბენ ჰოჯესის განცხადებას დროულ აქცენტად მიიჩნევენ ექსპერტებიც.
შეიძლება თუ არა განვიხილოთ ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის წინ მთავარ გზავნილად, რა ფორმით შეიძლება იყოს განხილული აშშ-ის მიერ საქართველოში ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ამ საკითხებზე „ევროპათაიმი“ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, (2014-2018) ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.
„ზოგადად, ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებში შედის, ამიტომ, ნუ ვიტყვით მაინცდამაინც ამერიკულ ინფრასტრუქტურას - ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვანი და საინტერესო შეიძლება იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის. აქ ბევრი რამ მოიაზრება, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს პორტებს და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ის პროექტი, რომელიც დღეს არის შეჩერებული - ანაკლიის პროექტი, რომელსაც კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, რადგან ეს არის საქართველოს ფუნქციის გამაძლიერებელი აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში, ასევე ის პროექტი, რომელიც ჩვენი პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.
რამდენად მოსალოდნელია ანაკლიის საკითხის აქტუალიზაცია, თენგიზ ფხალაძე იმედოვნებს, რომ ამ თემის აქტუალიზაცია ისევ მოხდება.
„სახელმწიფო მდივანმა არაერთხელ აღნიშნა ამ პორტის მნიშვნელობა. უბრალოდ, კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს - როდესაც აშშ ამაზე ლაპარაკობს, არ არის ხედვა, რომ ეს ამერიკული პორტი უნდა იყოს, მაშინაც თქვა, რომ ეს უნდა იყოს ის ქართული პორტი, რომელიც გააძლიერებს საქართველოს სახელმწიფოს და აშშ მზადაა, ამაში დაგვეხმაროს, როგორც სტრატეგიული პარტნიორი. ასე რომ, უნდა გავითავისოთ, რომ ეს პირველ რიგში ჩვენს ინტერესებშია და შემდგომში - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების.
ბენ ჰოჯესი ლაპარაკობს იმაზე, რომ შეიძლება საქართველოში გაძლიერდეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ასევე სამხედრო - ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გზა და სტრატეგიული არჩევანი არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისკენ. საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ნატოსკენ მიისწრაფვის, ძალიან ბევრს აკეთებს ამისთვის.
მნიშვნელოვანია, ჩვენ გვქონდეს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც თავსებადი იქნება ამ თვალსაზრისითაც ალიანსისათვის. ეს უპირველეს ყოვლისა გააძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას და თავდაცვის უნარიანობას, ამისთვის მნიშვნელოვანია როგორც მრავალმხრივი ფორმატის გამოყენება, რაშიც იგულისხმება საქართველო - ნატოს ურთიერთობები და იგივე შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამა, ასევე ორმხრივი ურთიერთობები, კერძოდ, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე.
რაც შეეხება ჰოჯესის გზავნილს „პომპეოს ვიზიტის წინ, საინტერესო რჩევა-შეთავაზებად შეიძლება განვიხილოთ საექსპერტო საზოგადოებისგან, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს საქართველოს, შავი ზღვის, ევროპის უსაფრთხოება, ხედავს საქართველოს როლს ამ დიდ სურათში, იცის ამერიკის ეროვნული ინტერესები და ეს არის ის რჩევა, რომლის განხორციელებაც როგორც საქართველოს, ასევე შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებშია. ასე რომ, ეს არის ძალიან დროული აქცენტი ანალიტიკური წრეებისთვის და კარგი იქნება, თუ ამას ყურადღებას მიაქცევენ და მის გამოყენებას და რეალიზაციას მაქსიმალურად შეეცდებიან“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე.
რაც შეეხება მაიკ პომპეოს ვიზიტისგან მოლოდინებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ პომპეოს ვიზიტიდან ორი თემაა მნიშვნელოვანი. 1. უსაფრთხოების კონტექსტი ჩვენს რეგიონში და ამ ჭრილში დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველო-ამერიკის ურთიერთობას. 2. საქართველოს დემოკრატიული განვითარება იმიტომ, რომ ეს არის ის თემა, რასაც ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება.
„აქ არამხოლოდ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რას უნდა ველოდოთ, არამედ იმასაც, რა შეგვიძლია ჩვენ შევთავაზოთ, რა შეიძლება იყოს ის ინიციატივები, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებას, როგორი ხედვა შეიძლება ჰქონდეს. არის ერთგვარი კომენტარები, რომ პომპეო არის წამსვლელი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი - ეს ასე არ უნდა განვიხილოთ, რადგან ამერიკის პოლიტიკა სხვანაირად მუშაობს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითობა შეერთებული შტატების პოლიტიკაში“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე.
როგორც ცნობილია, ევროპაში ბოლო ქვეყანა, სადაც პომპეო ვიზიტის დროს ჩერდება, საქართველოა, რის შემდეგაც სახელმწიფო მდივანი ისრაელს ეწვევა.
„ცხადია, რომ ძირითადი აქცენტი კეთდებოდა უსაფრთხოების თემატიკაზე და მთავარი თემა ამ ტურნეში იყო ახლო აღმოსავლეთი და აზიის საკითხი, თუმცა იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს რეგიონში ვითარდება, საქართველო არის ბოლო ქვეყანა ევროპაში, სადაც პომპეო ვიზიტის დროს ჩერდება, რაც კიდევ ერთელ ადასტურებს, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ამ ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონში საქართველოს უსაფრთხოებას“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე.
უნდა ველოოდთ თუ არა ნატოში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას, თენგიზ ფხალაძის თქმით, ნატოში ინტეგრაცია მრავალმხრივი ფორმატია და ეს არ არის მხოლოდ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე დამოკიდებული, თუმცა თუ ჩვენ ორმხრივ ურთიერთობას განვავითარებთ და უსაფრთხოების სფეროში სხვა საფეხურზე გადასვლას შევძლებთ, ეს ნატოში ინტეგრაციაზეც იმოქმედებს.