„საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის იმედი მაქვს, რომ შეასრულებთ სრულ და კონსტრუქციულ როლს. მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, რომ ჩამოვიდე თქვენთან ვიზიტით და გაგიზიაროთ პრობლემები და მიზნები“, - ამის შესახებ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვდრის შემდეგ ბრიუსელში განცხადა. ჟოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირთან დაახლოება ორივე მხარის მუშაობას მოითხოვს და თითოეულმა სახელმწიფომ კარგად იცის, გადამწყვეტი მნიშვნელობის რეფორმები საჭიროებს განხორციელებას.
მისივე თქმით, ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობებს აღმოსავლეთ პარტნიორებთან. ბორელის განცხადებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ უკიდურესად მნიშვნელოვანი ასპექტი არის კავშირების შენება არამხოლოდ ევროკავშირსა და მის პარტნიროებს შორის, არამედ თავად ამ პარტნიორებს შორისაც.
ბორელის თქმით, მიმდინარე წელი მნიშვნელოვანია „აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“.
„ევროკომისიასთან ერთად, ჩვენ ვართ 2020 წლის დღის წესრიგის ანალიზის დასრულების პროცესში. ეს დღის წესრიგი მოიცავდა კონკრეტულ შედეგებსა და მიზნებს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე, დეკემბერში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ავამოქმედოთ ახალი დღის წესრიგი და შევათანხმოთ საერთო სამომავლო ხედვა. ჩვენ ველოდებით ურთიერთობების განვითარებას ინკლუზიურობისა და დიფერენცირების პრინციპების საფუძველზე. ეს საჭიროებს მოქნილობას ორივე მხრიდან. ასე რომ, მე თქვენი - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის იმედი მაქვს, რომ შეასრულებთ სრულ და კონსტრუქციულ როლს. მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, რომ ჩამოვიდე თქვენთან ვიზიტით და გაგიზიაროთ პრობლემები და მიზნები“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.
საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, დავით ზალკალიანი, აურელიუ ჩოკოი და დმიტრო კულება ევროკავშირის ასოცირების ტრიოს პირველი ერთობლივი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან.
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი უნდა ამაყობდეს, რომ ჩვენს პარტნიორებს ჩვენთან უფრო დაახლოება სურთ