სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ტურნეს დაწყებამდე, რომელიც საქართველოში ვიზიტსაც მოიცავს, დაზუსტდა, რომ თურქეთში მისი ვიზიტის დროს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები დაგეგმილი არ არის.
„საფრანგეთის შემდეგ პომპეო თურქეთს ეწვევა, სადაც შეხვდება მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს და სამოციქულო ნუნციოს მთავარეპისკოპოსს, პოლ რასელს. ამასთან, რუსტემ ფაშას მეჩეთს ესტუმრება. მდივანი პომპეო აპირებს, გამოიყენოს ეს შესაძლებლობები რელიგიური საკითხების განსახილველად და როგორც მოგეხსენებათ, რელიგიური თავისუფლების ხელშეწყობა და რელიგიური ნიშნით დევნის წინააღმდეგ ბრძოლა აშშ–ის ადმინისტრაციისა და მდივან პომპეოსთვის მთავარი პრიორიტეტია. გარდა ამისა, სახელმწიდო მდივანი შეხვდება ელჩებს, ჩვენი მისიების, საელჩოების და სტამბულში მდებარე გენერალური საკონსულოს თანამშრომლებს", – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ექსპერტები საინტერესოდ მიიჩნევენ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს და ზოგადად იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელსაც ეს ტურნე მოიცავს.
როგორც ცნობილია, საქართველოში ჩამოსვლამდე პომპეო ჯერ საფრანგეთში, შემდეგ თურქეთსა და საქართველოში ჩადის. ჩვენი ქვეყნის დატოვების შემდეგ კი მიემგზავრება ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ყატარსა და საუდის არაბეთში. სახელმწიფო მდივნის ბოლო გაჩერება ევროპაში თბილისი იქნება.
ამ საკითხზე, ისევე როგორც ყარაბაღზე, ზოგადად, პომპეოს ვიზიტსა და რეგიონში ახალ რეალობაზე ,,ევროპათაიმი“ ექსპერტს, რონდელის ფონდის მკვლევარს ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრება:
_გასათვალისწინებელია, რომ ბაიდენი ხდება ამერიკის პრეზიდენტი, რომელსაც თავის დროზე ვიც-ეპრეზიდენტის პოზიციაზე ყოფნის დროს მოუწია ბევრ საკითხთან შეხება და წინასაარჩევნო პერიოდშიც გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებიც თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებში, მაინცდამაინც კარგი მიმართულებით განვითარებას არ უნდა მიანიშნებდეს. თუ გავიაზრებთ იმას, რომ რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჩადის რომელიმე ქვეყანაში და ვერ ხერხდება იქ შეხვედრა უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ეს ნამდვილად უპრეცედენტო ამბავია. ეს თავის მხრივ აჩენს მოლოდინებს რომ შესაძლებელია კიდევ უფრო დაიძაბოს ურთიერთობები.
საქართველოში კი ჩამოდის ისეთ ვითარებაში, როცა ყარაბაღის მეორე ომი ახალი დამთავრებულია, რომელიც ფაქტობრივად, რუსეთის ხელახლა გაძლიერების ნიშანი. შექმნილ ვითარებაში, რა თქმა უნდა, საქართველოზე რუსეთის მხრიდან ზეწოლა გაიზრდება, ასეთ მომენტში გვჭირდება ძალიან ხელშესახები უსაფრთხოების გარანტიები.
რადგან ნატოში გაწევრიანება ვერ ხერხდება, ასეთი შეიძლება იყოს, ამერიკული სამხედრო კომპონენტის გადმოტანა, ან დაარსება ახლიდან, რადგან ამის გარეშე ჩვენ ფაქტობრივად განწირულები აღმოვჩნდებით და მთელი გზა დასავლეთის მიმართულებით, შეიძლება წყალში ჩაყრილი აღმოჩნდეს.
_ის ფაქტი, რომ ასეთი მაღალი დონის სტუმართან ფაქტობრივად ვერ ხერხდება ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების შეხვედრა, გარკვეულწილად, ალბათ წარმოაჩენს კიდეც ორი ქვეყნის დამოკიდებულებასაც ერმანეთის მიმართ. რა ფუნდამენტური საკითხებია ის რაზეც მათი ხედვები და ინტერესები ვერ მოდის თანხვედრაში?
თურქეთსა და აშშ-ის შორის არის ძალიან ბევრი ფუნდამენტური საკითხი, საიდანაც მათი ხედვები ერთმანეთისგან განსხვავდება. ეს განსხვავებები დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და თურქეთს არ ქონდა საფრთხე საბჭოთა კავშირის სახით. ამის შემდეგ თურქეთმა ნელნელა, მაგრამ მკაფიოდ დაიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება, რაც კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა ერდოღანის მმართველობის დროს. ახლა როდესაც, თურქეთ-ამერიკაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ, მათ შორის არსებულ განსხვავებებზე, ეს ეხება სირიის კონფლიქტს, თურქეთი მხარს უჭერს, ოპოზიციას, მაგრამ ამერიკელები მხარს უჭერენ პროქურთულ ძალებს, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად და თავისთვის საფრთხედ განიხილავს. სირიაშია ასეა, ასეა საბერძნეთთან ურთიერთობაში, სადაც ევროკავშირმაც და ამერიკამაც საბერძნეთის პოზიცია დაიკავეს. იგივე ეხება რუსული წარმოების S-400-ების შეძენის საკითხს, თურქეთი გარიცხეს ფ-35 პროგრამიდან, ეს არის თანამედროვე სამხედრო თვითმფრინავები, რომლის შეძენასაც თურქეთი გეგმავდა.
არამხოლოდ მიწოდებას, არამედ ნაწილებსაც აწარმოებდა თურქეთი. გარდა ამისა სენატში უკვე მომწიფებულია სანქციები, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში, აჩერებდა ტრამპი, რადგან ტრამპსა და ერდოღანს ახლო პირადი ურთიერთობა ჰქონდათ. ბაიდენი ამის გაჩერებას არ აპირებს, მით უმეტეს, ბაიდენს გაცხადებული აქვს მხარდაჭერა საბერძნეთის და სირიელი ქურთების მიმართ. ძალიან ბევრი საკითხი იქნება, რომელშიც ამერიკის და თურქეთის ხედვები არ დაემთხვევა.
_თქვენ ბრძანეთ რომ გამოსავალი იქნებოდა თუ მოხერხდებოდა ამერიკული სამხედრო კომპონენტის საქართველოში გადმოტანა. სწორედ, რამდენიმე დღის წინ, გენერალმა ჰოჯესმა, ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა თუ აშშ გაზრდიდა ინფრასტრუქტურას და როტაციულ ძალებს საქართველოში, არის თუ არა ეს ერთგავრი გზავნილი პომპეოს ვიზიტის წინ, მით უფრო იმ ახალ რეალობასთან მიმართებით, რაც ყარაბაღში ახლა ხდება?
ამერიკაშიც უკვე კარგად ხედავენ იმ საჭიროებას, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. როცა ასეთი მსჯელობა იწყება, ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია მწიფდება და შეიძლება რაღაც გადაწყვეტილებამდე მივიდნენ.
ეს შეიძლება არ იყოს ნატო, მაგრამ შეიძლება იყოს საქართველოში ბაზის განთავსება. რაღაც სამხედრო კონტიგენტის განთავსება, ან რაღაც კომპონენტები, რაც თავისთავად უსაფრთხოების გარანტიებში შედის. თუ აქ იქნება ამერიკული ბაზა, ეს რუსეთისთვის იქნება შემაკავებელი ფაქტორი.
_რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე ყარაბაღში შექნილმა ახალმა რეალობამ?
ეს ნაკლებად ახდენს გავლენას. ის გზა, რომლის გახსნაზეც საუბარია ნახჩევანსა და აზერბაიჯანს შორის, ჯერ არ არსებობს, უნდა დაპროექტდეს. მეორე თემაა სომხეთი და რუსეთი რამდენად იქნება თანახმა. ერთია რუსეთთან ხელმოწერილი ხელშეკრულებები და მეორე, რამდენად შეასრულებს ის ამას. ეს თუ იქნება, არამხოლოდ ნახჩევანსა და აზერბაიჯანს, არამედ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, თურქეთსა და დანარჩენ თურქულ სამყაროსთან დამაკავშირებელი გზა, ეჭვი მეპარება, რუსეთი ამას დათანხმდეს. მას შეუძლია უამრავი სხვადასხვა მიზეზით შეაჩეროს და ის დახარჯული თანხაც, შესაძლოა, წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს.