საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რომში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოქმედ მოადგილეს ფილიპ რიკერს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე სტრატეგიულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა აშშ-სთვის რეგიონში და ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ განხორციელებულ წარმატებულ მედიაციას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, როგორც მნიშვნელოვან პრაქტიკულ ნაბიჯს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობიანი განვითარებისთვის.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უმძიმეს უსაფრთხოების გარემოს და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზაზა გახელაძის საკითხს და მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მძიმე შედეგები, მუდმივად დგას და პრიორიტეტს წარმოადგენს ამერიკის მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ჩემი მეგობრის, ჩემი კოლეგის დავით ზალკალიანის ნახვა, მას გადავეცი მოკითხვა სახელმწიფო მდივან ბლინკენისგან და ასევე, რა თქმა უნდა, გადავეცი პრეზიდენტ ბაიდენის მოკითხვა პრემიერისადმი. ვფიქრობ, ჩემი ვიზიტი რეგიონში იყო ძალიან სასარგებლო, მოვახერხეთ დავწეოდით ბოლო დროის მოვლენების განვითარებას. საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი პრიორიტეტულია ჩვენთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს რეგულარულ დიალოგსა და საუბრებს, რა თქმა უნდა, ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ თბილისში ჩვენს საელჩოსთან, რომელიც კვლავ აქტიურ როლს ასრულებს 19 აპრილის შეთანხმების სრული იმპლემენტაციისთვის. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ გააგრძელოს წინსვლა და ჩვენ რასაკვირველია, აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა, სუვერენიტეტს და სტაბილური განვითარებადი დემოკრატიის წარმატებას“, - განუცხადა ფილიპ რიკერმა ჟურნალისტებს.
თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა კომენტარი.
„ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები - ეს იყო ჩემი ორმხრივი შეხვედრების განხილვის თემა, განსაკუთრებით ჩემს ამერიკელ პარტნიორთან, სტრატეგიულ პარტნიორთან. დეტალურად ვაცნობე ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები, გახელაძის თემაც იყო განხილული და თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია გაიზარდოს, მოხდეს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, მან შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და თავი და თავი მიზეზი სწორედ ეს გახლავთ, შეუსრულებელი საერთაშორისო ვალდებულებები“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.