ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში დასავლეთის მხრიდან რეგიონში გზარდილი ვიზიტები პოზიტიურია და იმედოვნებს, რომ ეს არ იქნება ეპიზოდური.ბენ ჰოჯესი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მომავალი დამოკიდებულია მის, როგორც ევროპასა და ევრაზიას შორის დამაკავშირებელი პორტალის განვითარებაზე.
_ბატონო გენერალო, უპირველესად მადლობა ინტერვიუსთვის, საინტერესო იქნებოდა რეგიონში მიმდინარე მოვლენებით დაგვეწყო ინტერვიუ. წინა ინტერვიუებს, რომლებიც თქვენთან ჩავწერეთ, ლაიტმოტივად გასდევდა ერთი მთავარი რამ, რომ დასავლეთი უფრო აქტიურად უნდა ჩართულიყო რეგიონში მიმდინარე პროცესებში და უფრო მკაფიო ნაბიჯები გადაედგა მისი პოზიციის და პოზიციონირებისთვის რეგიონში. რამოდენიმე კვირის წინ, საქართველოს ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების დელეგაცია ესტუმრა, ხოლო მალევე ამ ვიზიტიდან სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი, რომელიც ტურნეს ფარგლებში ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვია. მალევე საქართველოს მედიატორის როლიც გამოიკვეთა და მადლობებიც მიიღო ქვეყანამ სომხეთის და აზერბაიჯანის მხრიდან. როგორ შეაფასებდით ამ ვიზიტებს, არის თუ არა ეს ერთგვარი განაცხადი, რომ ამერიკა დაბრუნდა რეგიონში?
ეს უდაოდ პოზიტიური ნაბიჯებია, იმის მანიფესტაცია, თუ როგორი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოს უფრო დიდ შავი ზღვის რეგიონში და ზოგადად სამხრეთ კავკასიაში. თუმცა, ჩვენ მოგვიწევს ყოველივე ამის შენარჩუნება და არ უნდა დავუშვათ, რომ ეს იყოს ეპიზოდური. მე განსაკუთრებით ვამაყობ ამერიკელი დიპლომატებით, რომლებიც ახლა საქართველოში მსახურობენ და რომლებიც დაუღალავად მუშაობენ; მიხარია, რომ მათ აქვთ როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების და კონგრესის მხარდაჭერა.
_როგორ შეაფასებდით NATO-ს ლიდერების სამიტს, რომელიც ახლახან გაიმართა და რომელსაც პრეზიდენტი ბაიდენიც ესწრებოდა? იყო თუ არა უფრო მეტი მოლოდინები ამ სამიტიდან, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით?
ეს იყო მართლაც საინტერესო სამიტი. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ყველა ეჭვი გააქარწყლა ამერიკის ვალდებულების შესახებ როგორც NATO-ს მიმართ, ასევე ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით. აგრეთვე ვფიქრობ, რომ ახალი სტრატეგიული კონცეფცია - NATO 2030 - არის საკმაოდ კარგი და მიხარია, რომ ალიანსი ოფიციალურად მიიღებს მას მომავალი წლის სამიტზე, მადრიდში. თუმცა, უნდა ვაღიარო, იმედგაცრუებული დავრჩი იმ ფაქტით, რომ საქართველოსა და უკრაინის მომავალი წევრობის თაობაზე არ გაჟღერდა ძლიერი და მკაფიო მესიჯები, ისევე როგორც მკაფიოდ არ განისაზღვრა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა. ასევე ვწუხვარ, რომ კონკრეტულად უკრაინას და ზოგადად შავი ზღვის რეგიონს ხანგრძლივი და ცხელი ზაფხულის გაძლება მოუწევთ; რადგანაც დასავლეთის მხრიდან სურვილის არქონა, მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ჩვენთვის ეს რეგიონი მნიშვნელოვანია, მხოლოდ უბიძგებს კრემლს აგრესიისკენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დადებითად ვუყურებ გასულ კვირას ‘ეიჩემეს დეფენდერის’ (HMS Defender) მიერ შესრულებულ მოქმედებებს; ეს არის ზუსტად ის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას კრემლის მიერ ყირიმის უკანონოდ მითვისებასთან გამოწვევაში. იმედი მაქვს, რომ ნატოს ლიდერები, აშშ-ის პრეზიდენტის ჩათვლით, აჩვენებენ ისეთივე სიმტკიცეს და გამბედაობას, როგორც ‘HMS Defender-ის’ მთავარსარდალმა და ეკიპაჟმა აჩვენეს.
_გაზრდილი რუსული საფრთხის ფონზე, NATO-მ რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ გაზარდოს სტაბილურობა შავ ზღვასა და ბალკანეთზე?
განსაზღვროს ის, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონი, შეიმუშავოს შემდგომი საპასუხო გეგმები და სწორად გადაანაწილოს რესურსები ამ გეგმების სისრულეში მოსაყვანად, ასევე გააუმჯობესოს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან უფრო დიდი შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ ასევე უნდა დავარეგულიროთ ურთიერთობები თურქეთთან, რომელიც არის ჩვენი დიდი ხნის საიმედო მოკავშირე, თუმცა მასთან ურთიერთობა ამჟამად არ არის მოწოდების სიმაღლეზე. შეერთებულმა შტატებმა უნდა გადადგას ნაბიჯები და აღადგინოს ანკარასთან უფრო აქტიური თანამშრომლობა, რათა ამ საკითხს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედოთ.
_სექტემბრისთვის NATO-ს ჯარები ტოვებენ ავღანეთს, ამავე დროს იზრდება სრულიად არგუმენტირებული დისკუსია იმის შესახებ, რომ ავღანეთის მოსახლეობა საკმაოდ სახიფათო მდომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს. თქვენი აზრით, მზადაა ავღანეთის უსაფრთხოების ძალები, რომ უზრუნველყოს მშვიდობა? ხომ არ გამოიწვევს ეს გადაწყვეტილება უკონტროლო ძალების გააქტიურებას და რუსული გავლენების გაზრდას ცენტრალური აზიის ქვეყნებზე?
ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა უნდა შეძლონ ამის გაკეთება. თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ისინი იღებდნენ ინვესტიციებს, მხარდაჭერას და გადიოდნენ წვრთნებს ISAF ძალების დახმარებით. ვფიქრობ, ავღანეთის მთავრობამ და ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუ რის გაკეთებას აპირებენ ისინი და რა ტიპის სახელმწიფოდ უნდათ, რომ ჩამოყალიბდნენ.
_თქვენ ხშირად აღნინიშნავთ, რომ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, პორტები, ტერმინალები, რკინიგზა და მეტი დასავლელი ინვესტორი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა საქართველოს ინტეგრაციისთვის დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე. სულ ახლახანს ბათუმის პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც პირდაპირი ამერიკული ინვესტიციით აშენდა და რომლის მშენებლობასაც ძალიან აპროტესტებდნენ პრორუსული ძალები. გასაგებიც კია მათი პროტესტი, რადგან საქართველოს როლი სატრანზიტო რუკაზე ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ გზაზე იზრდება. რას გვეტყოდით ამ პროექტზე და იმ პროტესტზეც, რომელიც მუდმივად ახლავს ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს?
საქართველოს მომავალი დამოკიდებულია მის, როგორც ევროპასა და ევრაზიას შორის დამაკავშირებელი პორტალის განვითარებაზე. პორტების და სხვა ინფრასტრუქტურის, როგორც ეს ბათუმის მინერალური სასუქების ტერმინალია, მშენებლობა ამ ძალისხმევის ძირითადი ნაწილია. მის ზრდასთან ერთად უფრო მეტი დასავლური ბიზნესი შეძლებს გაზარდოს ტრანზიტის და ვაჭრობის პოტენციალი, რაც თავის მხრივ უბიძგებს მათ მთავრობებს უფრო მეტად დაინტერესედნენ საქართველოსა და მის ირგვლივ არსებული უსაფრთხოების საკითხებით; შესაბამისად, მათ გაუჩნდებათ კითხვები, თუ რატომ აქვთ რუსულ ჯარებს ჯერ კიდევ ოკუპირებული საქართველოს 20%. საქართველომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მის შესაძლებლობებშია, რათა მაქსიმალურად მიმზიდველი გახდეს უცხოური ინვესტიციებისთვის. გამჭვირვალობა, სასამართლო პროცესები, მათ შორის საიმედო მუშახელი, ენერგეტიკა და სატრანსპორტო ქსელები ამ ყველაფრის ნაწილია.
_და ბოლო კითხვა, როგორ უყურებთ და როგორ ჩანს საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესები დისტანციიდან? განსაკუთრებით მეგობრების, მოკავშირეების და გულშემატკივრების თვალით აღქმული, გზა რომლითაც მიდის ქვეყანა მიიყვანს თუ არა მიზნამდე, ანუ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციამდე?
ვფიქრობ, საქართველო უბრუნდება თავის აქტიურ ფორმას, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და მის დასახმარებლად საქართველოს ყველა მეგობარი მზად ვართ. იმედი მაქვს, ამ შემოდგომაზე ვესტუმრები საქართველოს. ვფიქრობ, დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ყველანი ერთად ვიკრიბებოდით და ვცდილობდით ჩვენი წვლილი შეგვეტანა საქართველოს განვითარებაში, იმ ქვეყნის, სადაც ახალგაზრდებს აქვთ თავიანთი პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება.