ევროპარლამენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკას არ მიიჩნევს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად მას შემდეგ, რაც მას მიმდინარე საპრეზიდენტო ვადა გაუვა 2020 წლის 5 ნოემბერს.
ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც დღეს მიიღო ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანომ ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. დოკუმენტს მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 574-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 38, თავი შეიკავა 82-მა.
ევროპარლამენტის დეპუტატები აღნიშნავენ, რომ, ევროკავშირის მიერ ადრე გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, ისინი უარყოფენ ოფიციალური მინსკის მიერ გამოცხადებულ ოფიციალურ შედეგებს „ეგრეთწოდებული საპრეზიდენტო არჩევნებისა“, ვინაიდან ის ყველა საერთაშორისო სტანდარტის უხეში დარღვევით ჩატარდა.
ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ბელარუსის ხელისუფლებას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობისა და რეპრესიებისთვის და გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ მოეღოს ბოლო ამ დევნას და გათავისუფლებულ იქნეს ყველა, ვინც დაკავებულია პოლიტიკური მოტივებით - როგორც კენჭისყრის ძირითად დღემდე, ისე მის შემდეგ.
ევროპარლამენტარები ცალკე პუნქტში გმობენ დაშინებს, დევნასა და ძალის არაპროპორციულ გამოყენებას ბელარუსის რიგ საწარმოში გამართული გაფიცვების მონაწილეების, ასევე ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრების მიმართ.
ევროპარლამენტის დეპუტატები აღნიშნავენ, რომ მხარდაჭერას უცხადებენ ბელარუსის მოქალაქეებს მათ კანონიერ სწრაფვაში, გაიმართოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. დეპუტატები მოითხოვენ, რომ ბელარუსში ნებისმიერი ეროვნული დიალოგი უნდა წარმოებდეს ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრების სრული და დაუბრკოლებელი მონაწილეობით.
გარდა ამისა, ევროპარლამენტის მიერ მოწონებულ რეზოლუციაში ლაპარაკია ევროკავშირის მიერ ინიცირებული სანქციების ყოველმხრივ მხარდაჭერაზე ბელარუსის რიგი მოხელეების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის, ოპოზიციის მომხრეთა მიმართ ძალადობისა და რეპრესიებისთვის. კანონმდებლები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, მისდიოს ბალტიის ქვეყნების მაგალითს, რომლებმაც სანქციების საკუთარ სიებში ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკაც შეიყვანეს.