კახა კუჭავა: აუცილებელია, ნებისმიერ ადამიანს, რა საკითხთან დაკავშირებითაც უნდა თავისი უფლება გამოხატოს, არ შეეზღუდოს ეს უფლება

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახის ძალადობა თავიდან იყოს არიდებული“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ. მას „იმედი მაქვს, რომ არ ექნებათ სამართალდამცავ ორგანოებს გასაწევი ის სამუშაო, რომელიც სალაპარაკო გახდება ყველა მხრიდან, რომ სადმე ადგილი ჰქონდა ძალადობას“.

„სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ამაზე, მგონი, კითხვის ნიშანი არ დგება. იმედი მაქვს, რომ არ ექნება ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს გასაწევი ის სამუშაო, რომელიც სალაპარაკო გახდება ყველას მხრიდან, რომ სადმე ადგილი ჰქონდა ძალადობას. ვერასოდეს ვერ იქნება მოწონებული ძალადობა ან წახალისება ძალადობისკენ, ან თუნდაც პროვოკაციული ქმედებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იყოს არიდებული ყველა სახის ძალადობა. ფაქტი ერთია, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი გამოხატვის უფლება ყოველთვის იყო დაცული, ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს ნამდვილად იყო დაცული და აუცილებელია, რომ ნებისმიერ ადამიანს ხვალ და ზეგ, რა საკითხთან დაკავშირებითაც უნდა თავისი უფლება გამოხატოს, არ შეეზღუდოს ეს უფლება. რაც შეეხება ძალადობის წახალისებას და შესაბამისად, ძალადობის განხორციელებას, მეეჭვება, ვინმე შეიძლება, იყოს ამის მომხრე",- განაცხადა კუჭავამ.

სალომე ზურაბიშვილი: თბილისი პრაიდის მონაწილეებს უფლება აქვთ, გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც ყველას კონსტიტუციური უფლებაა