საქართველოს საპატრიარქო "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, ,,პრაიდის“ მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა.
საპატრიარქოს წარმომადგენლები მოსახლეობას მიმართავენ, რომ 5 ივლისს, ქაშუეთის ტაძართან შეიკრიბონ და მსოფლიოს აჩვენონ, რომ ღირსებას იცავენ და „გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა“ მიუღებელია.
საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ამა წლის 29 ივნისს გაკეთებული განცხადებით საქართველოს საპატრიარქომ ,,თბილისი-პრაიდის’’ ორგანიზატორებსა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართა, რათა, ქვეყნის სტაბილურობისა და სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, თავი შეეკავებინათ ლგბტქ+ პროპაგანდისტული აქტივობების მხარდაჭერისაგან.
იმედი გვქონდა, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის არჩევანს არ უგულებელყოფდნენ, მაგრამ ბოლო დღეების მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ზეწოლაც ხორციელდება ქვეყანაში.
ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია გარკვეულ საელჩოთა და ევროპარლამენტარების ნაწილის მკვეთრი ჩარევა ჩვენს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში და ვთვლით, რომ ეს მათი უფლებამოსილების გადამეტებაა.
ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ე.წ. ,,პრაიდის“ მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას; ეს ქმედება ჩვენს ხალხში, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, დაძაბულობასა და არეულობას იწვევს.
ყოველივე ამაზე კი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნული აქტივობების ორგანიზატორებსა და მხარდამჭერთ.
მივმართავთ მოსახლეობას, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი და არ ავყვეთ ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას.
ამა წლის 5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივლისს თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. პირველ ღონისძიებაზე ბრიტანული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც 2019 წლის პრაიდის მოვლენების შესახებ მოგვითხრობს.