ამერიკის ელჩი კელი დეგნანი რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ლიდერს შეხვდა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარებაში მათი საქმიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა გამოეხატა. ამის შესახებ ამერიკის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არაძალადობრივი გზით. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხარდაჭერას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დასაცავად. საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს თანასწორობისა და ღირსების უფლება, და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება“, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
რუსთაველის გამზირზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია. მიზეზი დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებაა. თავის მხრივ, საპატრიარქომ განაცხადა:
„17:00 საათზე, ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“,- აღნიშნულია განცხადებაში.
1-ელ ივლისს თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. პირველ ღონისძიებაზე ბრიტანული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც 2019 წლის პრაიდის მოვლენების შესახებ მოგვითხრობს.