საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს და „შეახსენებს ე.წ მარშის გასაპროტესტებლად შეკრებილ ადამიანებს, რომ დღევანდელი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული“.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცოდვას, რომელიც ცალსახად მიუღებელია ქრისტიანული სწვალებისათვის და ვაპროტესტებთ უზნეობის პროპაგანდას, ვლოცულობთ არამარტო ჩვენს წიაღში მყოფი სულიერი შვილებისთვის, არამედ, უპირველესად, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც საპირისპირო აქციას გეგმავს.
ქრისტიანობა მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულისკენ მოგვიწოდებს. გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ნებისმიერი აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, მათ შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან, რათა ამ ყველაფერმა არ გამოიწვიოს რაიმე ესკალაცია და არ დაზარალდნენ ჩვენივე თანამემამულეები, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებებისა და მრწამსისას, პროფესიისა და სოციალური მდგომარეობისა.
სამწუხაროდ, საინფორმაციო საშუალებებით ვცრელდება კადრები, რომ დღევანდელი შეკრების დროს მოხდა გარკვეული ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების წინააღმდეგ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო, მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელია. ამიტომ ვითარების მაქსიმალურად მშვიდობიანად წარმართვისათვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავემიჯნოთ ყოველგვარ აგრესიულ ქმედებას.
უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ადამიანის დაზარალებაც კი საფრთხეს უქნის არამარტო მას, არამედ აზიანებს მთელ საზოგადოებას და ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ